„ეს საქართველოს, თითოეული ჩვენგანის ტკივილია“ – პრემიერი ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ავღანეთში ერთობლივი პატრულირებისას მომხდარი თავდასხმის დროს ჩვენი, ქართველი მეომრის, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტის, მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო. ვიზიარებ მისი ოჯახისა და ახლობლების უდიდეს ტკივილს. ეს საქართველოს, თითოეული ჩვენგანის ტკივილია, რომელსაც ვერაფერი გაანელებს.

თავდასხმისას ასევე დაშავდა ჩვენი სამი ჯარისკაცი – კაპიტანი მიხეილ გვირჯიშვილი, უფროსი ლეიტენანტი გიგა ხახუტაშვილი და კაპრალი გელა ხარშილაძე, რომლებსაც მკურნალობა უტარდებათ. მათ მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა და სამი დაშავდა.

">