ესროლეს ტრამპს და მოარტყეს ლიბერალიზმს, – ასე აფასებს პოეტი დათო მაღრაძე აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპზე თავდასხმას. მისივე შეფასებით, დაჭრილი ტრამპის მხნეობის ნიშნად აწეული მარჯვენა – ეს სცენა იქნება მისი გამარჯვების სიმბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე.
„ამ ფაქტს, ერთი წინადადებით შევაფასებ – ესროლეს ტრამპს და მოარტყეს ლიბერალიზმს. დაჭრილი ტრამპის მხნეობის ნიშნად აწეული მარჯვენა, ეს სცენა იქნება მისი გამარჯვების სიმბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე. ის რომ გაიმარჯვებს არჩევნებში, ამის პროგნოზი ორბანმა გააკეთა, როდესაც რუსეთის და ჩინეთის პრეზიდენტებთან შეხვედრის შემდეგ ტრამპს შეხვდა, ანუ, ის შეხვდა შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. ეს იყო პროგნოზი“, – აღნიშნავს მაღრაძე.
შეგახსენებთ, პირი, რომელმაც პენსილვანიაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერ შეხვედრაზე ისროლა, განეიტრალებულია. ესაა 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმის დროს გარდაიცვალა შეხვედრაზე მყოფი ერთ-ერთი მოქალაქე, კიდევ ერთმა დაზიანებები მიიღო. ის კლინიკაში გადაიყვანეს და ექიმების შეფასებით მისი მდგომარეობა კრიტიკულია. რაც შეეხება რესუბლიკელ პრეზიდენტობის კანდიდატს, ის უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დონალდ ტრამპი პენსილვანიაში მხარდამჭერებს ხვდებოდა. სიტყვით გამოსვლის დროს ადგილზე რამდენიმე გასროლა მოხდა, რა დროსაც პრეზიდენტობის კანდიდატი ყურში დაიჭრა.