ცესკო თავმჯდომარის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე ავრცელებს ინფორმაციას

ცენტრალური საარჩევნო კომისია ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე ავრცელებს ინფორმაციას.ცესკოს ცნობით, 2 სექტემბერს ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ჰასმიკ მარანგოზიანს ყოფილი პარლამენტარი სამველ პეტროსიანი და მისი შვილი გიორგი პეტროსიანი, რომელიც გამგებლის რწმუნებულია, დაემუქრნენ.

“ოლქის თავმჯდომარეს დაემუქრნენ როგორც საკუთარი სიცოცხლის მოსპობით, ისე ოჯახის წევრის უკანონო თავისუფლების აღკვეთითა და ქონების დაზიანებით, კერძოდ, სახლის დაწვით”, – განაცხადეს ცესკოში გამართულ ბრიფინგზე.

ცესკოს პრესსპიკერის თქმით, ამ პირების მხრიდან მსგავსი მუქარა ჰასმიკ მარანგოზიანის მიმართ არაერთგზის განხორციელებულა. გარდა ამისა, პრესსპიკერის თქმით, გუშინვე სამველ პეტროსიანმა ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს პაატა ფანჯიკიძეს, ქუჩაში მანქანა გაუჩერა და მის საქმიანობასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებები მოსთხოვა.

“იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ფაქტები შეიძლება შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, მოწოდებული ინფორმაცია შესასწავლად გადაეგზავნება პროკურატურას. საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში ამ სახის ჩარევა უკვე საშიში ტენდენციის სახეს იღებს, რაც მოითხოვს ყველა ჩართული მხარის დროულ რეაგირებას და მაქსიმალურ ძალისხმევას ძალადობრივი ქმედებების პრევენციისთვის.

ცესკო კიდევ ერთხელ მიმართავს არჩევნებში მონაწილე მხარეებს თავი შეიკაონ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში უხეში ჩარევისა და უაკნონო ქმედებების განხორციელებისგან”, – განაცხადეს ცესკოში.

საიას განცხადება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევ კონკურსზე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ბოლო პერიოდში მედიაში ვრცელდება ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესში შესაძლო არასათანადო ჩარევების და კომისიების მმართველ პარტიასთან ასოცირებული პირებით დაკომპლექტების განზრახვების შესახებ. აქედან გამომდინარე, საია საოლქო კომისიებს, ცესკოსა და პარლამენტს მიმართავს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საოლქო კომისიებს მოუწოდებს, რომ საუბნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარმართონ, რა დროსაც უზრუნველყოფილი იქნება ობიექტურობა და მიუკერძოებლობა გადაწყვეტილებების მიღებისას; ასევე, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შერჩევის პროცესში შეარჩიონ მხოლოდ დამოუკიდებელი, სანდო რეპუტაციისა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრები.

31 აგვისტოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შესახებ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, 73 საარჩევნო ოლქის 3635 საარჩევნო უბანზე არსებულ 21 810 ვაკანტურ ადგილზე სულ 28 666 კონკურსანტის განცხადება შევიდა. შესული განაცხადებიდან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში 1-5 სექტემბრს გაიმართება, ხოლო 6 სექტემბრიდან დაიწყება 7 უფლებამოსილი პარტიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ნომინირება/დანიშვნა.

მანამდე ცესკომ განაცხადა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის პროცესი წარიმართა ღიად და გამჭვირვალედ

ცსკო “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებას გამოეხმაურა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ,,ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას გამოეხმაურნენ. ცესკოს პრესმდივნის თქმით, ლევან ბეჟაშვილის განცხადება, თითქოს დიღმის მასივში, საარჩევნო ოლქების საზღვრებში მითითებული მისამართები რეალურად არ არსეობს, სიმართლეს არ შეესაბამება. ანა მიქელაძე ამბობს, რომ აღნიშნული მისამართები 2010 წლიდან ფიქსირდება და მათზე 156 ამომრჩეველია დარეგისტრირებული.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ასევე განმარტავენ, რომ მონაცემთა გადამოწმება 1 სექტემბერს დასრულდება და ყველა საჯარო ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება.

დღეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განცხადება გააკეთა იმის თობაზე, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე, დიღმის მასივის ერთ-ერთ ოლქის მცდარი საზღვრებია შეტანილი. ლევან ბეჟაშვილის თქმით, დარეგისტრირებული კორპუსი რეალურად არ არსებობს, მის ადგილას კი სკვერი მდებარეობს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საოლქო საარჩევნო კომისიების პოლიტიკური ნიშნით დაკომპლექტებაზე საუბრობს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  საოლქო საარჩევნო კომისიების პოლიტიკური ნიშნით დაკომპლექტებაზე საუბრობს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ქართული ოცნება არ ღალატობს ჩვევას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. გუშინ, 2 საათზე, N5 ისნის საოლქო საარჩევნო კომისიაში საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა ჩატარდა, სადაც განსახილველი საკითხი  საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევა იყო. აღნიშნული სხდომა  3 საათზე დასრულდა, სადაც მიიღეს განკარგულება  საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ. განკარგულების მიღებიდან  2 საათში, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიაში რამდენიმე ათეული ადამიანი მივიდა. ესენი იყვნენ ქართული ოცნების გაგზავნილი ადამიანები, რომლებმაც  კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებები შეავსეს.“- განაცხადა ბეჟაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობას მოუწოდებს, არ ეცადოს არჩევნების გაყალბებას, რადგან ამისთვის დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. ლევან ბეჟაშვილი ცესკოს მიმართავს, რათა დაუყონებლივ მოხდეს კომისიის შეკრება და იმ კრიტერიუმების განსაზღვრა, რომლის საფუძველზეც მოხდება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნა, რომ გამოირიცხოს პარტიული ნიშნით დანიშვნა. ბეჟაშვილის განცხადებაზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განცხადება ამ დრომდე არ გაკეთებულა.

">