„ენმ“ საკრებულოს ბოლო სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრება

თბილისის მეხუთე მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომა ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე გაიმართება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სხდომას არ დაესწრებიან. მათი ბოიკოტი სასამართლოს მიერ გოგა ონიანის მიმართ გამოტანილ განაჩენს უკავშირდება.

„მას შემდეგ, რაც მოსამართლე ხარჩილავამ მიიღო სამარცხვინო გადაწყვეტილება და „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ჩვეულებრივი დღის წესრიგთ გავაგრძელოთ დღევანდელი დღე, ამიტომ პროტესტის ნიშნად, „ნაციონალური მოძრაობა“ დღევანდელ საკრებულოს სხდომას არ დაესწრება“,-განაცხადა საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ.

შეგახსენებთ, ადვოკატი გიორგი ონიანი მოსამართლის გადაწყვეტილებით სასამართლო დარბაზში დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ონიანი 4-ვე  წარდგენილ ბრალში დამნაშავედ ცნო და  4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გიორგი ონიანს ბრალი რამდენიმე მუხლით ჰქონდა წაყენებული, მათ შორის უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ბრალდებით. საუბარია დავით შათირიშვილისა და ლევან მდინარაძის უკანონოდ დაკავების, უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ეპიზოდზე.

 

">