ენთუზიაზმი, შემოქმედებითი მიდგომა და სწორი ბრენდირება წარმატების მიღწევის წინაპირობაა

ქვეყანაში, სადაც უმუშევრობა ერთერთ მთავარ პრობლემად რჩება, მათ თავიანთი შემოქმედებითი უნარები ბიზნესად აქციეს და სხვების დასაქმებაც შეძლეს. ხის სათვალეები, ხის ჩანთები, დეკორატიული ბალიშები ის პროდუქციაა, რომლებსაც კომპანიები Bros Eyewear, Populus და Sleepart-ი აწარმოებენ.

ახალგაზრდა ბიზნესმენები ამბობენ, რომ მათ პროდუქციაზე მოთხოვნას მზარდი ტენდენცია აქვს და ეკონომიკური მოგებაც იზრდება.

ძმებმა ირაკლი და ლევან გამთენაძეებმა ნატურალური ხისგან სათვალეების მწარმოებელი კომპანია Bros Eyewear სამი წლის წინ დააფუძნეს.

როგორც ირაკლი გამთენაძე ამბობს, ძმასთან ერთად ხის სათვალეების კეთება თავიდან ექსპერიმენტის დონეზე დაიწყო. ავიამოდელირებით იყო დაინტერესებული და მუდმივად ქმნიდა სხვადასხვა კონსტრუქციას, მიღებული გამოცდილება კი, დიზაინერ ძმასთან ერთად, სათვალეების შექმნისთვის გამოიყენა.

„დიზაინზე ძირითადად ლევანი მუშაობს. ყოველდღიური ექსპერიმენტებია საჭირო, რომ რაღაც ახალი შექმნა და იყოს სხვისგან განსხვავებული“.

მისი თქმით, კომპანიას დიდი ბრუნვა არ აქვს, მაგრამ სათვალეების შესაქმნელად საჭირო ხელსაწყოების შეძენა დამოუკიდებლად შეძლეს.

მომხმარებლის მიზიდვაში Bros Eyewear-ს მათი სტუდიის ადგილმდებარეობაც ეხმარება – თუმანიანის ქუჩა ძველ თბილისში, სადაც თავს იყრიან ტურისტები.

„ჩვენ ვართ ძმები, რომლებმაც დავისახეთ მიზანი, ქართულ სივრცეში შეგვექმნა ჩვენივე ქვეყნის რესურსების გამოყენებით, მოდური და კომფორტული ხის სათვალეები“, – წერენ ირაკილი და ლევან გამთენაძეები სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, რომელიც „ინსტაგრამთან“ ერთად, მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათი პროდუქციის პოპულარიზებაში. ხის სათვალეები იზიდავს როგორც ქართველ, ისე უცხოელ მომხმარებელს, თუმცა მსყიდველობითუნარიანობა მაინც უფრო უცხოელებს აქვთ, საქართველოში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.

პროდუქციაზე მოთხოვნის გაზრდასთან ერთად, საჭირო ხდება კადრების დამატებაც და შესაბამისად, ახალგაზრდა ბიზნესმენები ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს.

ძმები თავიანთ შემოქმედებით უნარებს სრულად იყენებენ. სათვალეების შექმნასთან ერთად ირაკლი გამთენაძე თვითონვე იღებს სარეკლამო ფოტოებს უკვე შექმნილი პროდუქციისთვის, რაც თანხების დაზოგვის საშუალებასაც აძლევს.

„მეც და ჩემი ძმაც ვიყავით სხვა საქმით დაკავებული და ახლა უკვე 100 პროცენტით გადავერთეთ ამ საქმიანობაზე, იმიტომ, რომ ნებისმიერი საქმე მოითხოვს სრულად დახარჯვას. საქმე არის მზარდი და სტაბილურად ვმუშაობთ. დღითიდღე, მომხმარებელიც გვეჩვევა, შარშანდელი მომხმარებლები წელსაც მოვიდნენ, მოიყვანეს სხვები, რაც არ გვაძლევს საშუალებას, სხვაგან გავიხედოთ“, – ამბობს ირაკლი გამთენაძე.

მისი თქმით, საქართველოში არის ის ბაზარი და ის პერიოდი, რომელიც ახალგაზრდა დამწყებ ბიზნესმენებს აძლევს საშუალებას მიაღწიონ წარმატებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქმეს მცირე ბიუჯეტით დაიწყებენ. თვითონაც მცირე ბიუჯეტით – თავიანთი დანაზოგით დაიწყეს პროდუქციის შექმნა. აღმოჩნდა, რომ ხის სათვალეებით, რომლებიც ადრე საქართველოში არ მზადდებოდა, მომხმარებელი დაინტერესდა და აღარ დასჭირდათ სხვა სფეროში ეცადათ ბედი.

ბავშვობის გატაცება – ხატვა პროფესიით იურისტმა ნინა ქირიამ ეგრეთ წოდებული კისრის ბალიშების და ნიღბების დიზაინის შექმნაში გამოიყენა. მან სამ მეგობართან ერთად დააფუძნა კომპანია SleepArt-ი, რომელიც მგზავრებისთვის განკუთვნილ პროდუქციას აწარმოებს. პრაქტიკული დანიშნულების მქონე პროდუქტმა ორიგინალური დიზაინით მომხმარებლის ყურადღება რამდენიმე თვეში მიიპყრო და კომპანიას წარმატება მოუტანა.

მათთვის ერთერთი წამახალისებელი ფაქტორი ევროკავშირის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების ლიბერალიზაცია გახდა. ქუთაისის აეროპორტში სტენდის დადგმის შემდეგ, SleepArt -ში გაყიდვების ზრდას იმედოვნებენ.

ხის ჩანთების მწარმოებელი კომპანია „პოპულუსი“ ფსიქოლოგიის მიმართულების სტუდენტმა მარიამ სიორდიამ და კულტურის მენეჯმენტის სტუდენტმა თინა ოსაძემ ერთი წლის წინ დააფუძნეს. მარიამ სიორდია ამბობს, რომ ხელნაკეთი აქსესუარების შექმნა უყვარდა და უნივერსიტეტში ჩარიცხული სტიპენდიით მეგობრებმა ხელნაკეთი ჩანთების წარმოება დაიწყეს.

პროდუქციის დიზაინს თვითონ ქმნიან. როგორც მარიამ სიორდია ამბობს, ტურისტებს განსაკუთრებით იზიდავს ის ჩანთები, რომლებიც ქართული ორნამენტითაა გაფორმებული.

მისი თქმით, ხის ჩანთების კეთების იდეა თავიდან ახლობლებს ეუცხოვათ, რადგან ადგილობრივ ბაზარზე ამ ტიპის პროდუქტი არ იქმნებოდა, თუმცა სწორედ ამან მოუტანა კომპანიას წარმატება.

„მთავარი იყო ის, რომ ძალიან გვიყვარდა, რასაც ვაკეთებდით და ძალიან გვინდოდა, შეგვექმნა რაღაც განსხვავებული, რაღაც ისეთი, რაც ჩვენც მოგვეწონებოდა და მოეწონებოდა მომხმარებელსაც, გვექცია ჩვენი ჰობი ბიზნესად“, – ამბობს მარიამ სიორდია.

მათთვის, ვინც ვერ შეძლო მუშაობის დაწყება, ან უკვე დასაქმდა, თუმცა მიზერული ანაზღაურების სანაცვლოდ მუშაობს, ჰობთან დაკავშირებული ორიგინალური იდეის რეალიზება შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს. სწორი გათვლებით, ნაკლებად სარისკო გადაწყვეტილების მიღებით და მცირე ინვესტიციით, ახალგაზრდებს შეუძლიათ თავიანთი ბიზნესი დაიწყონ.

Bros Eyewear-ს, Sleepart-ს და Populus-ს უკვე ჰყავს თავისი მომხმარებელი. სიახლის შექმნის სურვილით, შემოქმედებითი უნარების მაქსიმალურად გამოყენებით, სამომხმარებლო ბაზარზე თავისუფალი ნიშის მოძებნით, წარმატების მიღწევა შესაძლებელია, რასაც ამ სამი კომპანიის საქმიანობის შედეგები ადასტურებს.

 

სტატია მომზადებულია ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის – „კულტურა და კრეატიულობა“ – ფარგლებში. პროგრამა მიზნად ისახავს უზრუნველყოს კულტურის და შემოქმედებითი სექტორების მხარდაჭერა, და ასევე ხელი შეუწყოს სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში მდგრად ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში ამ სექტორების წვლილის გაზრდას.