ელისაშვილმა ცესკო-ში 10 ათასის ნაცვლად 19 576 ხელმოწერა წარადგინა

თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თანაგუნდელებთან ერთად 19 576 ხელმოწერა წარადგინა. როგორც მან ცესკო-ს ცენტრალურ შენობასთან განაცხადა, პარტიებისგან განსხვავებით, მას საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ყალბი სია არ წარუდგენია.

„დიდი პარტიებიც კი ყოველთვის წინასაარჩევნოდ ერთსა და იმავეს აკეთებენ – ოროსანი ბავშვებივით იწერენ ერთმანეთისგან სიებს, ხელმოწერებს აყალბებენ და ასე წარადგენენ ხოლმე ცესკოში და არეგისტრირებენ, რაც ჩვენი მავნე პოლიტიკური ტრადიციაა. ამას ღიად მიეჩვივნენ ჩვენი პოლიტიკური პარტიები. პირდაპირ მომიწოდებდნენ, რომ გამეყალბებინა სიები, ანუ ის გამეკეთებინა, რასაც სხვა პოლიტიკური პარტიები აკეთებენ ხოლმე, მაგრამ მე პოლიტიკაში ტყუილისთვის არ ვარ მოსული. მე პოლიტიკაში მოვედი იმისთვის, რომ სიბინძურე გაიწმინდოს და მყისიერ, პროფესიონალ ადამიანებს მიეცეთ ასპარეზი პოლიტიკაში“, – განუცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა ჟურნალისტებს.

ამასთან, დედაქალაქის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც ამ ხელმოწერების შეგროვებაში მხარი დაუჭირა და მხარდამჭერებს მიმართ.

ალეკო ელისაშვილი ნაციონალური მოძრაობის დახმარებაზე უარს ამბობს

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატის, ზაალ უდუმაშვილის მიერ შეთავაზებულ დახმარებას, 10 ათასი ხელმოწერის შეგროვებაზე, უარს ეუბნება .

“ძალიან დიდი მადლობა მას ამ შეთავაზებისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მისგან, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხელისუფლება ოპონენტების წინააღმდეგ ხელოვნურ ბარიერებს ხლართავს, თუმცა ამ ხლართებს შეშინებულ “ქართულ ოცნებას“ მე ჩემი მხარდაჭერებით დავურღვევ“, აცხადებს ელისაშვილი imedinews-თან საუბრისას.

ელისაშვილი არ პასუხობს ცესკოს განცხადებას იმის თაობაზე, რომ კომისიაში წარსადგენ სიაში მხარდამჭერთა ოდენობასაც და ვადასაც არა ცესკო, არამედ არსებული კანონმდებლობა საზღვრავს.

ნაციონალური მოძრაობა“ ალეკო ელისაშვილს დახმარებას სთავაზობს

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი დამოუკიდებელ კანდიდატს, ალეკო ელისაშვილს დახმარებას სთავაზობს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უდუმაშვილის თქმით, ენმ მზად არის ალეკო ელისაშვილის დასახმარებლად უმოკლეს ვადაში შეაგროვოს 10 000 ხელმოწერა. როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, ელისაშვილის თანხმობის შემთხვევაში მისი შტაბი ხვალ დილიდან მხარდამჭრების მობილიზებას დაიწყებს.

ცესკო ელისაშვილს პასუხობს

ცესკო თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატის ალეკო ელისაშვილის განცხადებას პასუხობს. როგორც უწყების განცხადებაში წერია, ელისაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას ხელმოწერების შესაგროვებლად არაგონივრული ვადა მისცეს, მცდარია.

„დღეს, თბილისის მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა მცდარი ინფორმაცია კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურასთან დაკავშირებით. კერძოდ, კანდიდატმა განაცხადა, რომ, თითქოს, ცესკომ მიიღო „სრულიად უსინდისო გადაწყვეტილება“ და მას დაუწესა არაგონივრული ვადა მხარდამჭერების ხელმოწერების შეგროვებისთვის.

აღნიშნულთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ 21 აგვისტოს ცესკომ დადგენილებით მიიღო პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია, რომლის ერთადერთი მიზანია, საარჩევნო სუბიექტებს გაუმარტივოს კანონის შესაბამისად მოქმედება.

რაც შეეხება მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებისა და საარჩევნო კომისიაში წარდგენის ბოლო ვადას, მას ადგენს არა ცესკო, არამედ უშუალოდ საარჩევნო კოდექსი. კოდექსის თანახმად კი, ხელმოწერების წარდგენის ბოლო ვადაა არჩევნებამდე არაუგვიანეს 50-ე დღე, ანუ 1 სექტემბერი. ცესკომ, ასევე ზუსტად კანონზე დაყრდობით განსაზღვრა საჭირო ხელმოწერების ოდენობა 1% (თბილისის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა – 958729, ხოლო მხარდამჭერთა ხელმოწერების მინიმალური ოდენობა – 9587).

შესაბამისად, მერობის კანდიდატის განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენ მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით საარჩევნო პროცესის დაზიანებისგან. ამავდროულად ჩვენი ვალია, არავის მივცეთ მცდარი განცხადებებით ცესკოს დისკრედიტაციის შესაძლებლობა“, – წერია ცესკოს განცხადებაში.

 

ელისაშვილის თქმით, ცესკომ ხელმოწერების შეგროვებისთვის არაგონივრული ვადა დაუწესა

 

გულითადი თხოვნა ყველა ჩემს მხარდამჭერს! გუშინ ცესკომ სრულიად უსინდისო გადაწყვეტილება მიიღო და დამიწესა არაგონივრული ვადა…

Posted by ალექსანდრე ელისაშვილი / Alexander Elisashvili on 2017 წლის 24 აგვისტო, ხუთშაბათი

თბილისის მერობის თავისუფალი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ცესკომ მას არაგონივრული ვადა დაუწესა მხარდაჭერების ხელმოწერების შეგროვებისთვის. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. ელისაშვილი მხარდაჭერებს მოუწოდებს მივიდნენ მის საარჩევნო შტაბში ხელმოწერისთვის.

„გულითადი თხოვნა ყველა ჩემს მხარდამჭერს! გუშინ ცესკომ სრულიად უსინდისო გადაწყვეტილება მიიღო და დამიწესა არაგონივრული ვადა მხარდამჭერების ხელმოწერების შეგროვებისთვის. ხელისუფლებას როგორც ჩანს ჰგონია რომ ვერ შევძლებ 10 ათასი ხელმოწერის შეგროვებას. მოგმართავთ თითოეულ ჩემს მხარდამჭერს არ დაიზაროთ, მოდით ჩემს საარჩევნო შტაბში ხელმოწერების ბლანკისათვის. დამიდექით მხარში, რომ დავუმტკიცოთ ხელისუფლებას – რომ არ ვართ ცოტანი და შეგვიძლია შეუძლებელი შევძლოთ!!! ყველას დიდი მადლობა წინასწარ. ჩემი შტაბის მისამართია – ყოფილი საბურთალოს ქუჩა 45 (ამჟამად ცინცაძის ქუჩა)“, – წერია ელისაშვილის განცხადებაში.

">