31 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონიანი დახმარების შეჩერების შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის დახმარების შეჩერების საკითხს ევროკავშირიც განიხილავს. ამის შესახებ ესპანურ საინფორმაციო სააგენტო „ევროპა პრესთან“ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ ისაუბრა. მან განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებული კანონი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯია და ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური საქართველოში განვითარებული მოვლენებით კვლავ შეშფოთებული რჩება. პიტერ სტანომ აღნიშნა ისიც, რომ ევროკავშირმა საქართველოს ოფიციალურ პირებთან პოლიტიკური კონტაქტები უკვე შეამცირა.
„ეს არის მცდელობა იმისა, რომ არჩევნების წინ მოსახლეობა შანტაჟის ქვეშ ამყოფონ და „ლელოს“, „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ მსგავს პარტიებს ერთგვარი წინასაარჩევნო ჟანგბადი მიაწოდონ სპეკულაციისათვის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა.
„ქართველი ხალხი არ ცვლის ოჯახებისა და ქვეყნის მშვიდობასა და ტრადიციულ ცხოვრებას არც ას მილიონსა და არც მილიარდზე. ეს ყველამ უნდა დაიმახსოვროს. ვისაც ჩვენთან უნდა მეგობრობა ყოველგვარი ომისა და მეორე ფრონტის გარეშე გაგვიწიოს დახმარება“, – ამბობს გურამ მაჭარაშვილი, „ხალხის ძალის“ დეპუტატი.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარი ქმედებებით საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აზიანებს და ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით ადასტურებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მმართველი პარტიის ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში ქვეყანას სრული იზოლაცია ემუქრება.
„ეს არის უმძიმესი დარტყმა, რომელსაც „ქართული ოცნება“ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აყენებს. ის მხარდაჭერა, მათ შორის, ფინანსური დახმარება, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები იღებდნენ და საქართველოს სახელმწიფო იღებდა, სწორედ „ქართული ოცნების“ ავტოკრატიული და ძალადობრივი, რუსული პოლიტიკის გამო დღეს გაჩერებულია. როგორც დაანონსებულია, კიდევ უფრო მეტი პროექტი გაჩერდება. კარგია ის, რომ ამ პროექტების გაგრძელება და ყველა იმ სიკეთის უკან დაბრუნება, რომელსაც ქვეყანა და მოქალაქეები იღებდნენ, სწორედ საქართველოს მოქალაქეების ხელშია. ეს გასაღები მათ 26 ოქტომბრის არჩევნების სახით აქვთ“, – განაცხადა „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა.
„ის განცხადებები, რომლებიც ჩვენი მეგობრებისგან, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატებისგან გვესმის, მიუთითებს მხოლოდ ერთ რამეზე – „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დატოვება არ შეიძლება. თუ ისინი დარჩებიან ხელისუფლებაში, საქართველოს ემუქრება სრული იზოლაცია, რაც ნიშნავს სრულ სიღარიბეს და კიდევ უფრო მეტი ქართველის მიერ საქართველოს დატოვებას. მადლობა ღმერთს, მალე, 26 ოქტომბერს, არჩევნები გვაქვს. უნდა ჩამოვიშოროთ რეჟიმი, რომელიც მიზანმიმართულად აფუჭებს ურთიერთობას ყველა ჩვენს მეგობარსა და პარტნიორთან”, – განაცხადა „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ.
ევროკავშირმა უკვე შეაჩერა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება. მაშინ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ვითარების გაუარესების შემთხვევაში სხვა ზომების მიღებაც განიხილებოდა.
საქართველოს მთავრობის დახმარება შეაჩერა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც. 95 მილიონით დახმარების შეჩერების თაობაზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის, განცხადება 31 ივლისს გავრცელდა. ბლინკენმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებები და ტყუილის შემცველი განცხადებები ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ნორმებს არ შეესაბამება.
წყარო: euronewsgeorgia