ევროკავშირი ყველა ვარიანტს განიხილავს რეაგირებისთვის – ევროკომისია “აგენტების კანონის” მიღებაზე

ე.წ. აგენტების კანონის საბოლოოდ მიღებას განცხადებით გამოეხმაურა ევროკომისია, სადაც ნათქვამია, რომ საპასუხოდ, ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავენ.
როგორც ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ისინი “ღრმა მწუხარებას” გამოთქვამენ იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა, დაეძლია პრეზიდენტის ვეტო და უგულებელყო ვენეციის კომისიის დეტალური სამართლებრივი არგუმენტები, სადაც კანონის გაუქმების შესახებ მკაფიო რეკომენდაცია იყო გაწერილი.
“ევროკავშირმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს. მისი ამოქმედებით საქართველო უკან დაიხევს ევროკომისიის მიერ გაცემული სულ მცირე სამი რეკომენდაციის (დეზინფორმაციის შესახებ; პოლარიზაციას; ფუნდამენტური უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობის შესახებ) შესრულებაში და უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს ეს ტენდენცია და მტკიცედ დაბრუნდეს ევროკავშირის გზაზე. ჯერ კიდევ არის დრო ამ დინამიკის შესაცვლელად, მაგრამ საჭიროა მმართველი ხელისუფლების ძლიერი ვალდებულება.
ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები განიხილავენ ყველა ვარიანტს ამ მოვლენებზე რეაგირებისთვის.
ჩვენ ვაგრძელებთ ქართველ ხალხთან დგომას და ვაღიარებთ მათი აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს მათი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის”, – წერია განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტმა “აგენტების კანონი”, რომლის წინააღმდეგაც მძლავრი სამოქალაქო პროტესტი თვეზე მეტია გრძელდება, საბოლოოდ 28 მაისს მიიღო. მის სასარგებლოს ხმა მისცა 84-მა დეპუტატმა.