ევროკავშირის ფართომასშტაბიანი კანონი ხელოვნური ინტელექტის შესახებ ძალაში შევიდა

2024 წლის 1 აგვისტოდან ძალაში შევიდა ევროკავშირის კანონი ხელოვნური ინტელექტის შესახებ, რომელიც ეპოქალური მნიშვნელობისაა. ბრიუსელის განცხადებით, ის ხელს შეუწყობს ინოვაციების განვითარებას და ამავდროულად, მოქალაქეთა უფლებებს დაიცავს. ამ წლის დასაწყისში, რთული და ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირმა მიიღო მსოფლიოში პირველი ფართომასშტაბიანი წესები ხელოვნური ინტელექტის სფეროში. მათი მეშვეობით უნდა დარეგულირდეს ისეთი მძლავრი სისტემები, როგორიცაა OpenAI-ის ChatGPT. მიუხედავად იმისა, რომ ეს წესები პირველად ჯერ კიდევ 2021 წელს იყო შეთავაზებული, მათი მიღების საჭიროება კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა მას შემდეგ, როდესაც 2022 წელს სცენაზე ChatGPT გამოვიდა და სულ რამდენიმე წამის განმავლობაში რთული ტექსტების შექმნის უნარი გამოავლინა. ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევის აუცილებლობის სხვა მაგალითებია Dall-E და Midjourney, რომლებსაც, სისტემაში ტექსტის მარტივად შეყვანის გზით, სურათების გენერირება თითქმის ნებისმიერ სტილში შეუძლიათ.
„ხელოვნური ინტელექტის კანონის მეშვეობით, ჩვენ ვქმნით ახალ ბარიერებს არა მხოლოდ ადამიანებისა და მათი ინტერესების დასაცავად, არამედ ამით ბიზნესმენებსა და ნოვატორებს მკაფიო წესებს ვთავაზობთ და მათ საკუთარი პოტენციალის გამოვლენის უფრო ფართო შესაძლებლობებს ვაძლევთ“, – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი, . კანონის მოთხოვნების შესრულება კომპანიებს 2026 წლამდე მოუწევთ, ხოლო ხელოვნური ინტელექტის ისეთ მოდელებზე, როგორიცაა ChatGPT, ახალი წესები კანონის ძალაში შესვლიდან 12 თვის შემდეგ გავრცელდება.
ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ მკაცრი აკრძალვები კანონის ძალაში შესვლიდან ექვსი თვის შემდეგ ამოქმედდება პოლიციის საქმიანობასთან დაკავშირებული ისეთი სისტემებისთვის, რომლებიც ბიომეტრიულ ინფორმაციას პირის რასის, რელიგიის ან სექსუალური ორიენტაციის დასადგენად იყენებენ. კანონი, რომელიც ცნობილია როგორც „ხელოვნური ინტელექტის აქტი“, რისკების შეფასებაზე დაფუძნებული მიდგომას იყენებს: თუ სისტემა კლასიფიცირებულია, როგორც მაღალი რისკის შემცველი, მაშინ კომპანიამ, მოქალაქეთა უფლებების დასაცავად, უფრო მკაცრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს.
რაც უფრო მაღალია, მაგალითად, ევროპელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და უფლებების შელახვის რისკი, მით უფრო გაზრდილია კომპანიების მიმართ მოთხოვნები, ადამიანების ზიანისგან დაცვის კუთხით.
„ხელოვნური ინტელექტის აქტის“ მოქმედების გეოგრაფიული ფარგლები ძალიან ფართოა. ამიტომ, ორგანიზაციებს, რომელთა ბიზნესი ან მომხმარებელთა ბაზა დაკავშირებულია ევროკავშირთან, დასჭირდებათ ხელოვნური ინტელექტის მართვის პროგრამა, რათა თავიანთი ვალდებულებები დაადგინონ და შეასრულონ“, – ამბობს იურიდიული ფირმა Norton Rose Fulbright-ის პარტნიორი, მარკუს ევანსი.
კომპანიებს, რომლებიც აკრძალულ პრაქტიკას ეწევიან ან მონაცემთა დაცვის ვალდებულებებს არღვევენ, მთელ მსოფლიოში ემუქრებათ ჯარიმები, წლიური შემოსავლის შვიდ პროცენტამდე ოდენობით. მაისში ევროკავშირმა დააარსა „ხელოვნური ინტელექტის ოფისი“, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიების ექსპერტებისგან, იურისტებისა და ეკონომისტებისგან შედგება, რათა, ახალი კანონის მოთხოვნათა შესრულება უზრუნველყოს.
წყარო: 1 არხი