დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ კომენტარი უკრაინაში საქართველოს ელჩმა გააკეთა

უკრაინიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ კომენტარი უკრაინაში საქართველოს ელჩმა გააკეთა. გელა დუმბაძის განცხადებით, საელჩოს აქვს მუდმივი კომუნიკაცია უკრაინის შესაბამის სამსახურებთან. მისი განცხადებით,  უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივი გამოძევების საფრთხე არ არსებობს. მისივე თქმით, ყველას აქვს უფლება, სხვადასხვა ფორმით გამოხატოს თავისი გადაწყვეტილება, ეს არის უკრაინის შიდა საქმიანობა.

„მინდა საქართველოს ყველა მოქალაქემ იცოდეს, რომ კიევში საქართველოს საელჩო აკეთებს მომენტალურ რეაგირებას ყველა მსგავს შემთხვევაზე. ცალკეულ შემთხვევაზე დგება სპეციალური ნოტა და შედგა ყველა, ადრე არსებულ შემთხვევასთან დაკავშირებითაც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ბოლო შემთხვევას რაც შეეხება, თქვენ მოგეხსენებათ, უკრაინის მხარემ ოფიციალურად განაცხადა, ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური, ეროვნული პოლიცია, საემიგრაციო სამსახური, რომ ამ მოქალაქეების ქმედება, საქმიანობა ეწინააღმდეგებოდა უკრაინის უსაფრთხოების ეროვნულ ინტერესებს და ამით აიხსნა ინფორმაციის ნაკლებობა, დეტალიზაცია ამ საკითხებთან დაკავშირებით.

ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვქონდა უწყვეტი კომუნიკაცია, იმ მომენტიდან, როდესაც ჩვენ, საელჩომ მივიღეთ ამის თაობაზე ინფორმაცია, არა მარტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ყველა ზემოთ ხსენებულ უწყებასთან, მინდა გითხრათ, რომ ცალკე ამ საკითხთან დაკავშრებით გაიგზავნა ნოტა უკრაინის საგარეო საქმეთ სამინისტროში, ხვალ პრემიერმინისტრის დავალებით, შედგება ჩემი შეხვედრა, მან მისცა სპეციალური განკარგულება, ქვეყნის საზღვრის უფროსთან და ასევე საემიგრაციო სამსახურის უფროსთან, სადაც ეს საქმეები იქნება დეტალურად განხილული, სადაც ჩვენ ცალკე თემად დავაყენებთ საელჩოს დროულ ინფორმირებას ყველა მსგავს შემთხვევასთან დაკავშირებით.  ყველას აქვს უფლება, სხვადასხვა ფორმით გამოხატოს თავისი გადაწყვეტილება, ეს არის უკრაინის შიდა საქმიანობა, როდესაც საუბარი არის ფორმულირებაზე, კონკრეტულად ხაზგასმას ამ პიროვნებებთან დაკავშრებით, რომ ისინი რაიმე კავშირში იყვნენ საქართველოს ექსპრეზიდენტთან და მის პოლიტიკურ საქმიანობასთან, ამას მოცემულ ეტაპზე ადგილი არ აქვს“,-განაცხადა დუმბაძემ.

 

">