დეკანოზის საქმის ექვსივე ადვოკატი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს

ე.წ ციანიდის საქმის ჩანაწერების მედიაში გავრცელების ფაქტზე პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები დაკითხვაზე დაიბარეს. რუსთავის 2-ისინფორმაციით, ოთხ ოქტომბერს 12:00 საათზე დაკითხვაზე პირველი მიხეილ რამიშვილი მივა, დღის განმავლობაში კი სხვა ადვოკატებსაც ელოდებიან.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მია ზოიძის განცხადებით, ადვოკატების პოზიცია არის ის, რომ გამოძიება 2017 წლის 8 მარტიდან დაიწყოს, როდესაც პროკურატურამ ვიდეოჩანაწერები გაავრცელა, რომელიც “კონტექსტიდან ამოვარდნილი” იყო:

“პირველ რიგში დაიწყოს ამ საკითხის გამოძიება და მერე დაიწყოს ჩვენზე. ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი”.

საქართველოს პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო სხდომების ჩანაწერების მედიაში მოხვედრის საქმეზე გამოძიება დაიწყო. უწყებაში ამბობენ, რომ საქმეს გამოძიების მონაცემების გახმაურების ფაქტზე იძიებენ.

რამდენიმე დღის განმავლობაში ტელეკომპანია პირველი და რუსთავი 2 ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვების ჩანაწერებს ასაჯაროებდნენ. საქართველოს პროკურატურამ ამ საქმეზე ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებს გაუთქმელობის პირობა დაადებინა, რაც მათ საქმის დეტალებზე საჯაროდ საუბარს უკრძალავდათ.