რუსეთის ფედერაციისთვის ირანის მიერ რაკეტების მიწოდების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, “დასავლეთისგან უკრაინისთვის უფრო ინტენსიურ დახმარებას უნდა ველოდოთ”, – მიიჩნევს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი. 13 სექტემბერს ვროცლავში გამართულ ბრიფინგზე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პოლონეთის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, უკრაინა უკეთ უნდა იყოს აღჭურვილი და შეძლოს უკრაინის ცის მაქსიმალურად ეფექტიანად დაცვა, რაც, გარკვეული აზრით, პოლონეთის საჰაერო სივრცის დაცვასაც ნიშნავს.
ბრიფინგი მიეძღვნა შესაძლო წყალდიდობისთვის მზადებას, მაგრამ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დონალდ ტუსკს სთხოვა კომენტარი გაეკეთებინა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის 12 სექტემბრის განცხადებაზე, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმა რუსეთზე გრძელ მანძილზე მოქმედი იარაღით ომში დასავლეთის ქვეყნების პირდაპირ მონაწილეობას ნიშნავს.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ პუტინის განცხადება მიზნად ისახავდა დასავლეთის დაშინებას, შეწყვიტოს უკრაინის დახმარება.
“გუშინ (12 სექტემბერი-რედ.) მე მქონდა ხანგრძლივი საუბარი აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ბატონ ბლინკენთან, ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ სხვა ლიდერებთანაც და უნდა ითქვას, რომ დასავლეთის სოლიდარობა ამ საკითხზე სულ უფრო თვალშისაცემია და ჩვენ უნდა ველოდოთ უფრო ინტენსიურ დახმარებას ჩვენი მოკავშირეებისა და მთელი დასავლური სამყაროსგან უკრაინისთვის”, – თქვა დონალდმა ტუსკმა.
ამ კვირაში კიევში მოლაპარაკებების დროს აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო-პოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელების – ენტონი ბლინკენისა და დევიდ ლემის – მონაწილეობით განიხილეს იმის შესაძლებლობა, რომ უკრაინას გაუუქმონ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენების აკრძალვა რუსეთში სამხედრო ობიექტებზე თავდასხმების განსახორციელებლად. ოთხშაბათს ისინი ერთობლივი ვიზიტით ეწვივნენ უკრაინას. ვიზიტის ფარგლებში ისინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ.
ბლინკენის თქმით, შორი მანძილის რაკეტების საკითხს „რა თქმა უნდა“ განიხილავენ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, როდესაც ისინი 13 სექტემბერს ვაშინგტონში გამართავენ შეხვედრას. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ საკითხის განხილვაში როლს თამაშობს შიში, რომ რუსეთში მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ მისი გამოყენების ნებართვამ შეიძლება ესკალაცია გამოიწვიოს. თუმცა, როგორც ბლინკენმა თქვა, ეს არ არის ერთადერთი ფაქტორი, რომელიც არის გასათვალისწინებელი.
გაზეთი Guardian-ი, ოთხშაბათს საღამოს ბრიტანეთის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ლონდონმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინას ნება დართოს, რომ გამოიყენოს Storm Shadow რაკეტები რუსეთის სიღრმეში მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ. The Guardian-ის აზრით, ბრინკენის გამონათქვამები არის მინიშნება, რომ ვაშინგტონიც მსგავს გადაწყვეტილებას იღებს. როგორც გაზეთი აღნიშნავს, კიევში ლემისა და ბლინკენის ვიზიტი არ მოხდებოდა, ასეთი გადაწყვეტილება რომ არ ყოფილიყო მიღებული.
ოფიციალურად არც ვაშინგტონს და არც ლონდონს ჯერ არ გამოუცხადებიათ შეზღუდვების მოხსნის შესახებ, მაგრამ ახლახან აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადეს, რომ მიმდინარეობს დისკუსიები პოლიტიკის შესაძლო გადახედვის შესახებ.
ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ გამოთქვა თავისი შეფასება, რომ რეალურად ნატოს ქვეყნები უკრაინის ომში მონაწილეობენ. „მრჩევლების და ინსტრუქტორების არსებობის თვალსაზრისით, აქ სიახლე არ არის, ისინი იმყოფებიან უკრაინის ტერიტორიაზე“, – ციტირებს პუტინს „მედუზა“ და აღნიშნავს, რომ ეს განცხადება გაკეთდა მიმდინარე წლის ივნისში. მაშინ პუტინმა თქვა, რომ მისი რწმენით, უკრაინის შეიარაღებული ძალები თავად ვერ აკონტროლებენ ამერიკულ და ევროპულ რაკეტებს – ATACMSებსა და Storm Shadow-ებს.