დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის თეა გოდოლაძის თქმით, მიიღეს განმარტება, რომ აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის 95 მილიონი დოლარის დახმარების შეჩერება სეისმური მონიტორინგის ცენტრს არ შეეხება.
“ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის სახელით მსურს გაცნობოთ ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მივიღეთ დამატებითი განმარტება, რომ 95 მილიონი აშშ დოლარის დახმარება, რომელიც განკუთვნილი იყო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან საქართველოს მთავრობისათვის დაპაუზებულია. ეს არ შეეხება ჩვენს ინსტიტუტს, რადგან ა.შ.შ. -ში ძალიან კარგად ესმით, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხისა და ქვეყნის უსაფრთხოებას, ამიტომ ისინი ეჭვ ქვეშ არ აყენებენ, როგორც საქართველოს, ასევე ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქეების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუციის შეუფერხებელ მუშაობას.
ამიტომ მიყვარს ეს ქვეყანა. 25 წელი ერთად ვაშენეთ არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონის სეისმური ინფრასტრუქტურა და ზუსტად ვიცი, რომ ისინი საქართველოს არასდროს გასაჭირში არ მიატოვებენ”, – წერს თეა გოდოლაძე Facebook-ზე.
9 სექტემბერს თეა გოდოლაძემ Facebook-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრის დაფინანსება შეუჩერა.
3 აგვისტოს ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა.