გიორგი მარგველაშვილი: არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი შესაწყალებლები არიან

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მას არ მიაჩნია, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი შესაწყალებლები არიან. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ სტუმრობისას განაცხადა.

„2013 წელს დავამთავრე დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მართლა დავამთავრე 2013 წელს, იმიტომ, რომ მე გავხდი საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს პრეზიდენტი არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის პრეზიდენტი, ან რომელიმე პოლიტიკური ლიდერის მსახური. საქართველოს პრეზიდენტი არის ერთადერთ სამსახურში – ემსახურება ქართველ ხალხს. ბუნებრივია, მე შეწყალების პროცესში არანაირად არ ვითვალისწინებ პოლიტიკურ შემადგენელს. ამაზეც, ხომ, ერთი ამბავი იყო ატეხილი. კაკო ბობოხიძის ძმა რომ არ დავტოვე ციხეში, საქმეზე, რომელიც ადეიშვილმა შეუკერა. რა სინდისით უნდა დამეტოვებინა პოლიტიკოსის ძმა ციხეში, იმიტომ, რომ მისი ძმა „ნაციონალია“? ეს ხომ იქნებოდა ამაზრზენი, ხომ იქნებოდა ჩემი იმ ბიოგრაფიის შეურაცხყოფა, როდესაც მე ვამბობდი, რომ „ნაციონალები“ არასწორად იქცევიან, პოლიტიკურად რომ დევნიან?  ჩემი ოჯახის შეურაცხყოფა იქნებოდა, იმ ადამიანების, რომლებიც კომუნისტების დროს არ იყვნენ კარგ მდგომარეობაში.

არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი შესაწყალებლები არიან. მე თქვენთან ვერ გავივლი დეტალებს, რატომ – კი და რატომ – არა. მაგრამ, რომ მიმაჩნდეს, რომ შესაწყალებელია, პოლიტიკური შემადგენლით ამ საკითხს არ მივუდგებოდი. ისევე, როგორც არ მივუდექი კაკო ბობოხიძის ძმას პოლიტიკური შემადგენლით“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.