გიორგი კვირიკაშვილი: მიმიღია გადაწყვეტილებები საკუთარი თავის საზიანოდ

მე ვეცადე, ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერმინისტრი. დიახ, მიმიღია გადაწყვეტილებები საკუთარი თავის საზიანოდ, მაგრამ ყოველთვის, მთელი გულით მჯეროდა და მჯერა, რომ ყველა გადაწყვეტილება, ყველა ნაბიჯი იყო ჩემი ქვეყნის, ჩემი სამშობლოს სასიკეთოდ ნაკარნახევი, იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია უკეთესობისკენ შეგვეცვალა,-  ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ის  ყოველთვის იყო და არის  გუნდური მოთამაშე.

“აქედან გამომდინარე, ვხედავ გუნდში განწყობებს და, რა თქმა უნდა, მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს სიტუაციაში უნდა მიეღო ნებისმიერი გუნდის ხელმძღვანელს. მე ვტოვებ დღეს ჩემს თანამდებობას.

მინდა, აუცილებლად მადლობა გადავუხადო იმ უამრავ ძალიან კარგ ადამიანს, რომლებიც ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში გავიცანი. მინდა, ჩემს თანამშრომლებს, გათენებული ღამეებისთვის, ადამიანური თანადგომისთვის, უდიდესი შრომისთვის, რომელიც მათ გასწიეს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო.
მინდა, მინისტრებს, გუნდის წევრებს გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა – მათ ძალიან დიდი შრომა გასწიეს. ასევე, მინდა, საპარლამენტო გუნდსაც გადავუხადო მადლობა და, რა თქმა უნდა – პარტიის თავმჯდომარეს, იმისთვის, რომ მე მომეცა საშუალება მემსახურა საქართველოსთვის – ჯერ მინისტრის პოსტზე, ხოლო შემდგომ – პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. რა თქმა უნდა, მინდა, გუნდის ხელმძღვანელს ვუსურვო წარმატება ქვეყნის სასიკეთოდ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯში.
დიდი მადლობა, ღმერთი ჰფარავდეს საქართველოს! მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება ერთიანი, გაბრწყინებული, განვითარებული დემოკრატიული სახელმწიფო”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

/</a></iframe>