გელათის მონასტერში განათება მოხსნეს, რომელიც ფრესკას აზიანებდა

გელათის მონასტერში გარე  განათება მოხსნეს, რომელიც ფრესკას აზიანებდა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“სოციალური ქსელის მეშვეობით, საჯარო ჯგუფ “ხელოვნების ისტორიკოსებში” ბატონმა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა განათავსა ფოტოსურათი, სადაც ასახულია, თუ როგორ აზიანებს გარე განათება გელათის მონასტრის მთავარი ტაძრის აფსიდის ფრესკას.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მალევე მოახდინა რეაგირება და ადგილობრივ ეპარქიასთან შეთანხმებით აღნიშნული განათება მოიხსნა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მიესალმება ყველა ინიციატივას, რომელიც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენას და მოვლა-პატრონობას ეხება და ქმედითი რეაგირებისკენ გვიბიძგებს. ამავდროულად, მადლობას ვუხდით ბატონ ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილს სამოქალაქო აქტიურობისათვის.

გვინდა დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ სააგენტო ნებისმიერი ტიპის დარღვევაზე ყოველთვის მზადაა სათანადო რეაგირებისთვის და ის მუდამ ღია რჩება საზოგადოებრივი თანამშრომლობისათვის”- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

/</a></iframe>