„გასულ წელს დასაქმებულთა მეოთხედს, სახელმწიფოს მიერ დადგენილ საარსებო მინიმუმზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა“

2023 წელს, დასაქმებულთა დაახლოებით 25%-ს, ანუ დასაქმებულთა მეოთხედს, რაც დაახლოებით 330 ათასი დასაქმებულია, სახელმწიფოს მიერ დადგენილ საარსებო მინიმუმზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, გამომდინარე იქედან, რომ 2023 წელს ხელფასის ამღებთა რაოდენობა, სამუშაო ასაკის და 15 წლამდე ასაკის მოსახლეობის ჯამური რაოდენობის 40%-ს შეადგენდა, თუ საპენსიო ასაკის მოსახლეობას არ ჩავთვლით, მაშინ ერთი ხელფასი საშუალოდ 2.5 ადამიანზე ნაწილდებოდა.
„ამ მონაცემის გათვალისწინებით, საარსებო მინიმუმის შესაბამისი დარიცხული ხელფასი 2023 წელს, თვეში 770 ლარი, ან წელიწადში 9,250 ლარი იყო (ანუ იმისთვის, რომ ხელზე ასაღები ერთი ხელფასი საშუალოდ 2.5 ადამიანზე გადანაწილდეს და თითო ადამიანს ხელზე ასაღები 250 ლარი ერგოს).
შესაბამისად, 2023 წელს, სამუშაო ასაკის და 15 წლამდე ასაკის მოსახლეობის სულ მცირე 40%-ს, ანუ 1,200,000 ადამიანს საარსებო მინიმუმზენაკლები თანხა გააჩნდა. მაშინ როცა, საქსტატის მონაცემების მიხედვით, სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობა იმავე 2023 წელს – 181.9 ათასი იყო, ხოლო სოციალური მომსახურების სააგენტოს მიხედვით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 168.9 ათას ოჯახს შეადგენდა, რაც ჯამში მხოლოდ ნახევარია ქვეყნის შიგნით არსებული ხელფასებით მიღებული თანხების მიხედვით დათვლილი, საარსებო მინიმუმზე ნაკლების მქონე ადამიანთა რაოდენობის“, – ნათქვამია სტატიაში.
ცნობისთვის, „საქსტატი“ საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით ანგარიშობს, რომელიც ითვალისწინებს კვების პროდუქტების მოხმარების მინიმალურ ნორმებს, ხოლო სტატისტიკური მეთოდით განისაზღვრება დანახარჯები არასასურსათო საქონელსა და მომსახურებაზე. საარსებო მინიმუმის კლება/მატება კი აღნიშნული პროდუქტების ფასებზეა დამოკიდებული.
სასურსათო კალათა 40 პროდუქტს მოიცავს. საარსებო მინიმუმი იმ შემთხვევაში იზრდება, თუ ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი იმატებს, ე.ი. ცხოვრება ძვირდება და პირიქით.

ასევე დაგაინტერესებთ

გადავწყვიტეთ გაგვეყინა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“, ასევე გავაუქმეთ თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი დონის მოლაპარაკებები და შევაჩერეთ კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა – გაერთიანებული სამეფოს ელჩი