“გაზი გამორიცხულია”… სავარაუდოდ, ეს მოდის კანალიზაციების ჭებიდან” – თბილისის მე-15 ბაღში ევაკუაციის მიზეზი სპეციფიკური სუნი გახდა

 

თბილისის მე-15 საჯარო ბაგა ბაღში სასწავლო პროცესის შეწყვეტა და ევაკუაცია სპეციფიკური სუნის გამო მოხდა. ამ დრომდე დაზუსტებული ინფორმაცია არ არის, თუ რის სუნი დგას ბაღის შენობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე.

წინასწარი ვერსიით, სუნი საკანალიზაციო ქსელიდან მოდის და ეს არის გარკვეული სამშენებლო მასალის სუნი, რომელიც კანალიზაციის ქსელში არის ჩაღვრილი.

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი, კახა გვანცელაძე აცხადებს, რომ სპეციფიკური სუნი ბუნებრივი აირის გამო არ დგას.

„მძაფრი ნივთიერების სუნია ცალსახად სველ წერტილებში. გაზი გამორიცხულია. ყველა შესაბამის უწყებას, საქალაქო სამსახურს მივმართეთ, ასევე, 112-ს და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამ საკითხის მოგვარება,“ – ამბობს კახა გვანცელაძე.

თბილისის #15 ბაგა-ბაღის დირექტორის, მარიამ კაპანაძის განცხადებით, ბაღის შენობაში არ არის ქიმიური საშუალებები, რასაც შესაძლოა სპეციფიკური სუნი გამოეწვია.

„სავარაუდოდ, ეს მოდის კანალიზაციების ჭებიდან, ეს სუნი. მოგეხსენებათ, რომ ეს მხოლოდ ბაღის კუთვნილება არ არის. საბავშვო ბაღი არის ბოლო წერტილი, რამდენადაც მე ვიცი, ეს მოსახლეობიდან მოდის და ვერაფერს ვერ ვუკავშირებ. კონკრეტულად ბაღში არანაირ ქიმიურ საშუალებას ჩვენ არ ვხმარობთ იმიტომ რომ არ გამოიწვიოს ბავშვების ალერგია,“ – ამბობს მარიამ კაპანაძე.

ევაკუაციის გადაწყვეტილება კი საბავშვო ბარის ადმინისტრაციამ ბაღების სააგენტოსთან შეთანხმებით მიიღო. საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია აღსაზრდელების უსაფრთხოებიდან გამომდინარე დაუკავშირდა მშობლებს და ბავშვების სააღმზრდელო დაწესებულებიდან გაყვანა სთხოვეს.

">