მსოფლიო ბანკი მზადაა, საქართველოს ფინანსური და ტექნიკური დახმარებები აღმოუჩინოს

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონს შეხვდა. მან პრემიერმინისტრს, მსოფლიო ბანკის სახელით, სტიქიასთან ბრძოლაში თანადგომა და სრული მხარდაჭერა აღუთქვა. გიორგი კვირიკაშვილთან საუბარში მერსი ტემბონმა განაცხადა, რომ მსოფლიო ბანკი მზადაა, პროფილური პროგრამების მეშვეობით, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად, საქართველოს ფინანსური და ტექნიკური დახმარებები აღმოუჩინოს.

საგანგებო შტაბში გამართულ შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ფინანსთა მინისტრი მოადგილე ნიკოლოზ გაგუა ესწრებოდნენ.

„მინდა მსოფლიო ბანკის სახელით მხარდაჭერა გამოვუცხადო საქართველოს და განსაკუთრებით იმ მოსახლეობას, ვინც ბორჯომის ხეობაში ცხოვრობს. აღსანიშნავია საქართველოს მთავრობის, მეხანძრეებისა და მეგობარი ერების სწრაფი რეაგირება და ჩართულობა ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ჩვენ, მსოფლიო ბანკი მზად ვართ, ყველანაირი დახმარების გასაწევად, რაც საქართველოს დასჭირდება, პირველ რიგში საჭიროა ზარალის შეფასება, გარემოს დაცვის სპეციალისტები ჩამოვლენ და იმუშავებენ ამ კუთხით, ასევე აღმოგიჩენთ ფინანსურ, ტექნიკურ და სხვა სახის დახმარებასაც“,-განაცხადა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა მერსი ტემბონმა.

საქართველოს ბანკი“ დამწვარი ტყის აღდგენისთვის 1 000 000 ლარს გამოყოფს

საქართველოს ბანკი 1 000 000 ლარს გამოყოფს უკანასკნელ დღეებში მთელი ქვეყნის მასშტაბით განვითარებული სტიქიის შედეგად დამწვარი ტერიტორიის აღდგენისა და ხანძრის პრევენციისთვის.

გარდა ამისა, რამდენიმე დღეში მომხმარებლისთვის კვლავ ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ბანკის „მწვანე ანაბარი“, რომლის ფარგლებშიც 2008 წელს ბორჯომში დამწვარი ტყის ნაწილის აღდგენა მოხდა.

„ბოლო რამდენიმე დღე საქართველოსთვის ძალიან რთული გამოდგა. დიდი მადლობა ყველას, ვისი თავდაუზოგავი ძალისხმევით ხდება სტიქიასთან გამკლავება. ერთობლივი ძალებით საქართველოს აღვადგენთ“, – წერია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბორჯომის დამწვარი ტყის 10 ჰექტარი თიბისი ჯგუფისა და კომპანია ბორჯომის მიერ აღდგება

ამის შესახებ განცხადება ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ ცოტა ხნის წინ გააკეთა. კომპანია ბორჯომი ამ ინიციატივას დღეს საღამოსვე შეურთდა.

„თიბისი ჯგუფის და კომპანია ბორჯომის საერთო გადაწყვეტილებით, ამ მძიმე მომენტში ჩვენ გავაერთიანებთ ძალისხმევას და სრულად აღვადგენთ ხანძრისგან გადამწვარ ბორჯომის ტყის 10 ჰექტარამდე ტერიტორიას, გვესმის, რომ ეს იქნება გრძელი და მასშტაბური სამუშაო, მაგრამ ჩვენ არ დავზოგავთ ენერგიას და რესურსს, რომ ბორჯომს დაუბრუნდეს პირველადი სახე. მოვუწოდებთ ბიზნეს და საჯარო სექტორს შემოგვიერთდნენ, რათა ერთად განვახორციელოთ ეს მნიშვნელოვანი საქმე“- განაცხადა მამუკა ხაზარაძე.

">