ბორის აკუნინი: რუსეთი მოდაში აღარ არის

გთავაზობთ ცნობილი რუსი მწერლის ბორის აკუნინის წერილის თარგმანს,  რომელიც რუსულ მედიაში რამდენიმე წლის წინ გავრცელდა:

“სიტყვას “რუსოფობია” ჩვენ ხშირად ვისმენთ, ძირითადად თანამემამულეებისაგან. აი მე, მაგალითად, იმ ადამიანების აზრით, რომლებიც გამუდმებით მემუქრებიან და მლანძღავენ, როგორც რუსები იტყვიან “მახროვი” რუსოფობი ვარ.

დიდი ხანია შევნიშნე,  არსებობს  ერები, რომლებიც ცდილობენ მხატვრულ ნაწარმოებში გამოძებნონ წყენის მიზეზი. მე არაერთხელ მიმაყენეს ჩიხში კითხვებით: “რატომ არ გიყვართ რუსები და მათზე მხოლოდ საშინელებებს წერთ?” “რატომ ხართ ასეთი ანტისემიტი?” “რა გავქთ უკრაინელების საწინააღმდეგო?” “აი, თქვენ, ქართველი, რატომ ლანძღავთ ასე ქართველებს?” (ნუ, სომხებსა და აზერბაიჯანელებზე “შავი ქალაქის” შემდეგ, თქვენ თვითონ მიხვდებით).

არიან ერები, რომლებსაც წყენა აზრადაც არ მოსდით. ჩემს რომანებში ბევრი ცუდი ინგლისელი და ფრანგია, მაგრამ არცერთ ქვეყანაში მსგავსი შეკითხვა არ დაუსვამთ. ეტყობა, ზოგიერთ ერს აქვს განსაკუთრებით გამძაფრებული შეგრძნება, რომ მათ  თავმოყვარეობას ულახავენ, ზოგს კი არა. ჩვენ, რუსებს გვაქვს.  ჩვენ გვინდა, რომ ძალიან ვუყვარდეთ, ჩვენით აღფრთოვანდნენ, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზე ვერ არის.

რუსოფობია –  ეს მითია, რომელსაც ხელს უწყობენ უსირცხვილო ნაძირლები და სულელები.

საბჭოთა კავშირის მიმართ ისტორიული წყენა, გადასული რუსეთზე, ჩვენი ყოფილი კოლონიების მცხოვრებლებს უდაოდ აქვთ. (პირდაპირ ვთქვათ, რომ ის ცარიელ ადგილზე არ აღმოცენებულა). მაგრამ რუს ხალხზე, რუსულ კულტურასა და რუსულ ენაზე ეს ანტიპათია, ჩემის ზრით, არ ვრცელდება. ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში რუსულად ლაპარაკობენ კიდეც, წიგნებს რუსულად კითხულობენ, უყურებენ ჩვენს ფილმებს და უსმენენ მუსიკას (ისე, ძირითადად, ისეთ მუსიკას უსმენენ, რომელსაც სჯობს, საერთოდ არ მოუსმინო).

მე თქვენთან მინდა ვისაუბრო არა რუსოფობიაზე, არამედ  საწინააღმდეგო მოვლენაზე – რუსოფილიაზე.  არ ვიცი თქვენ როგორ, მაგრამ მე სიყვარული უფრო მაინტერესებს, ვიდრე სიძულვილი.

სიყვარული რუსებისადმი და რუსული ენისადმი – ამასთან  დაკავშირებით მსოფლიოში დღეს, მართლაც რომ საქმე კარგად ვერ არის. მე გავეცანი სხვადასხვა ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მონაცემებს და მოვიწყინე.

იმ ადამიანთა პროცენტული მაჩვენებელი, რომლებსაც რუსეთი უყვართ, ცოტაა.

გადავწყვიტე საკითხს  ჩავღრმავებოდი და აღმოვაჩინე, რომ რუსოფილია თითქოს ბარელზე ფასს ჰგავს: ხან ზემოთ ვარდება, ხან ეცემა. ბოლო ასი წლის განმავლობაში ჩვენით აღფრთოვანებულები იყვნენ და სამგზის გვიცქერდნენ სასოებით.

1. მე-20 საუკუნის მეორე ათწლეულში – ძირითადად ინგლისსა და საფრანგეთში (ეს სიყვარული დაახლოებით 1918 წელს დამთავრდა, როცა ბოლშევიკებმა განაცხადეს, რომ ვალებს არ გადაიხდიან და ამის შედეგად ნახევარი საფრანგეთი გაკოტრდა).

2. მეორე მსოფლიო ომის დროს და ომის შემდეგ, ცოტა ხანი.

3. ე. წ. პერესტროიკის დროს.

იყო ხანგრძლივი ინტერესი საბჭოთა კავშირისადმი დასავლეთის მემარცხენე ინტელეგენციის მხრიდან, მაგრამ ეს არ ითვლება, რადგანაც “საბჭოთაფილია” და “რუსოფილია”  სხვადასხვა ბუნებისაა.

თუ გავაანალიზებთ რუსოფილიის უეცარი გაძლიერების მიზეზებს, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მისი ბუნება წმინდა პოლიტიკური იყო: პირველ შემთხვევაში გამოვლინდა სიმპატია  ანტანტას მოკავშირისადმი; მეორე შემთხვევაში აღფრთოვანება გამოიწვია ფაშიზმთან ბრძოლამ, მესამე შემთხვევაში – მრავალწლიანი ბირთვული ომის შიშისგან გათავისუფლებამ.

მაგრამ ასე მარტივად არ არის. რუსოფილურ განწყობილებას სტარტს უდაოდ პოლიტიკა აძლევდა, მაგრამ აღმოჩნდებოდა, რომ რუსეთში და რუსებში ბევრი რამ არის მიმზიდველი – პირველ რიგში, კულტურაში.

ასი წლის წინ ევროპელები მოხიბლულნი იყვნენ არა ნიკოლოზ მეფით, არამედ რუსული ლიტერატურით, მუსიკით, ბალეტითა და სახვითი ხელოვნებით.

40-იან წლებში ჩვენი კულტურა, პირდაპირ ვთქვათ, საუკეთესო პერიოდს არ განიცდიდა, მაგრამ რუსოფილებმა აქაც იპოვეს აღფთოვანების ობიექტი: ეიზენშტეინი, პროკოფიევი, შოსტაკოვიჩი. ხოლო პერესტროიკის ეპოქაში, როცა, ვგონებ, არავინ გვყავდა განსაკუთრებით გამორჩეული და დიდი, მსოფლიო ყველაფრით იყო გახარებული: რუსული სოცარტით, რუსული კინოთი, რუსული თარგმანებითაც კი. რომანი “არბატის შვილები”, რომელიც ახლა თითქმის მივიწყებულია, მსოფლიოს ყველა ბესტსელერში ბრწყინავდა. მას შემდეგ უკვე ოცი წელი გავიდა, რუსოფილები მსოფლიოში უკვე არ ჩანან. ჩვენ მათთვის საინტერესო აღარ ვართ. ჩვენი კულტურა განსაკუთრებულად არავის სჭირდება, ჩვენი პრობლემები მათთვის მოსაბეზრებელია და მთქნარებას იწვევს. რუსეთი მოდაში აღარ არის. ეს, რა თქმა უნდა, საწყენია. მაგრამ მოდი, პატიოსნად ვუპასუხოთ კითხვას: ჩვენ თავად ჩვენი თავი გვაინტერესებს? რას ქმნის დღეს ჩვენი კულტურა მსოფლიო ღირებულს ან უბრალოდ საინტერესოს? სადღაც  რუსოფილია იღვიძებს ლოკალურ დონეზე, მაგრამ ეს ჩვენი დამსახურება არ არის,- ძველი დიდების ნარჩენებია. აი, ერთი მაგალითი, რომელიც ჩემს საყვარელ იაპონიას ეხება.

მე, აღმოვაჩინე, რომ ამ ქვეყანაში რუსეთისადმი კარგი დამოკიდებულება 2004 წელს ჩატარებული გელაპის ინსტიტუტის გამოკითხვის მიხედვით საცოდავი 9%- დან 2013 წელს, BBC მიერ ჩატარებული გამოკითხვით უცებ ავარდა 51%-მდე. ვიფიქრე, რა არის მიზეზი? რა სასწაული მოხდა?

თურმე, მადლობა დოსტოევსკის უნდა გადავუხადოთ. იაპონიაში გამოვიდა მისი ნაწარმოებების ახალი თარგმანი და სუპერბესტსელერი გახდა. ახლა ტელეარხები წარმატებით აჩვენებენ “კარამაზოვების” სერიალის რიმეიკს.

ეჰ, რას ვიზამდით თევდორე მიხეილის ძის, ლევ ნიკოლოზის ძისა და ანტონ პავლეს ძის გარეშე, დალახვროს ეშმაკმა.

">