18 აგვისტო, ისრაელის თავდასხმების შედეგად, ღაზაში დაიღუპა სულ ცოტა, 21 ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვი, განაცხადა პალესტინის ჯანდაცვის უწყებამ, რეგიონში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ვიზიტის წინ, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებისთვის ბიძგის მიცემას ცდილობს.
Reuters-ის ცნობაში მოყვანილია ჯანდაცვის უწყების თანამშრომლის სიტყვები, რომ ბავშვები და მათი დედა დაიღუპნენ ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად სახლზე, ქალაქ დეილ-ალ-ბალაჰის ცენტრში. ისრაელის სამხედროებს მომხდარზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ გაანადგურეს სარაკეტო დანადგარები, რომლებითაც ისრაელს ცეცხლს უშენდნენ ქალაქ ხან-იუნისიდან, სადაც ბოლო კვირების განმავლობაში ცხარე ბრძოლები მიმდინარეობდა და დაიღუპა 20 პალესტინელი მებრძოლი.
ბოლო დღეებში გაძლიერდა დიპლომატიური მცდელობები ისრაელსა და ჰამასს შორის კონფლიქტის შესაჩერებლად და ღაზაში მყოფი მძევლების დაბრუნების შესახებ შეთანხმების უზრუნველსაყოფად.
მოლაპარაკებები აშშ-ის, ეგვიპტის და კატარის შუამავლობით, გაგრძელდება ამ კვირაში, კაიროში. გასულ კვირაში დოჰაში ორდღიანი შეხვედრა გაიმართა.
ომის დაწყებიდან თავისი მეათე მოგზაურობის ფარგლებში, ბლინკენი ისრაელში კვირას ჩავიდა რამდენიმე დღის შემდეგ მას მერე, რაც შეერთებულმა შტატებმა წამოაყენა კონსტრუქციული წინადადებები, რომლებიც, როგორც შუამავალი ქვეყნები მიიჩნევენ, შეამცირებს აზრთა სხვადასხვაობას მეომარ მხარეებს შორის.
რეგიონული ესკალაციის შიშის ფონზე, გაიზარდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის აუცილებლობა. ირანი ისრაელს შურისძიებით დაემუქრა თეირანში, 31 ივლისს ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ.
დეირ-ალ-ბალაჰში, ალ-აქსას საავადმყოფოში, ნათესავებმა თავი მოიყარეს დედისა და მისი ექვსი შვილის ცხედრების გარშემო, რომლებიც თეთრ სუდარებში იყვნენ გახვეული, რომლებზეც მათი სახელები ეწერა. ყველაზე უმცროსი 18 თვისა იყო, უთხრა Reuters-ს მათმა ბაბუამ, მოჰამედ ხათაბმა. ისრაელი უარყოფს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას, ამბობს, რომ მისი სამიზნე ჰამასის მებრძოლები არიან და მათ ადანაშაულებს იმაში, რომ ისინი სამოქალაქო ობიექტებიდან მოქმედებენ, მათ შორის სკოლებიდან და საავადმყოფოებიდან.
ჰამასი ამას უარყოფს.
ისრაელში ბლინკენი უნდა შეხვდეს ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს და სხვა მაღალი თანამდებობის ოფიციალურ პირებს.
ნეთანიაჰუს ოფისმა 17 აგვისტოს განაცხადა, რომ არსებობს “ფრთხილი ოპტიმიზმი” შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით და რომ აშშ-ის ოფიციალური პირებიც იმედიანად არიან განწყობილი, თუმცა გაფრთხილებას გამოთქვამენ, რომ წინ ბევრი სამუშაოა.
თუმცა ჰამასმა აშშ-ის ოპტიმისტურ კომენტარებს “შეცდომაში შემყვანი” უწოდა და ნეთანიაჰუ დაადანაშაულა ახალი პირობების წამოყენებაში მოლაპარაკებების “ჩაშლის” მცდელობით. ჰამასს სურს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ომის დასასრულებლად, ისრაელს კი დროებითი პაუზა უნდა.
ღაზაში ომი დაიწყო 7 ოქტომბერს, როცა, ჰამასის მებრძოლები შეიჭრნენ სამხრეთ ისრაელში და ისრაელის მონაცემებით, მოკლეს 1200 ადამიანი და დაახლოებით 250 – მძევლად აიყვანეს. ისრაელის საპასუხო სამხედრო ოპერაციამ, პალესტინის ჯანდაცვის ორგანოების მიხედვით, 40 000-ზე მეტი პალესტინელი იმსხვერპლა, უმეტესად მშვიდობიანი მცხოვრებლები, და ღაზის დიდი ნაწილი ნანგრევებად აქცია.
ისრაელი აცხადებს, რომ ჰამასის 17 000 მებრძოლი მოკლა.