ბექა ლილუაშვილი ირაკლი კობახიძეს – თქვენ არცერთ სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობაზე არჩევას არ იმსახურებთ

ბატონო ირაკლი, ივანიშვილი თქვენზე უკეთესს კანდიდატს პრემიერ-მინისტრად ნამდვილად ვერ შეარჩევდა იმის საჩვენებლად რა დაემართა და რად იქცა „ქართული ოცნება” დღეს,- ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ბექა ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობს.
პარლამენტის წევრის შეფასებით, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ყველაზე უუფლებო პრემიერი იქნება.
„გისმენდით სამთავრობო პროგრამაზეც, დაპირებებზეც და ამითაც დაადასტურეთ, რომ თქვენ იქნებით ყველაზე უუფლებო პრემიერი. დღეს, „ოცნების” მომავალი პრემიერი „ნაციონალური მოძრაობის” სახეების არგუმენტებით და სიტყვებით საუბრობდით 20 ივნისზე, კორუფციაზე და კიდევ ბევრ საკითხზე, რაც ჩვენ არ გვიკვირს, რადგან თქვენ დაადასტურეთ, რომ განასახიერებთ განაცებულ ოცნებას, ერთობლივ ქოლცენტრებს, მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს, ადამიანს, რომელიც მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, გავრილოვი შემოიყვანა ქვეყანაში და გახდა ორი უზარმაზარი საპროტესტო აქციის მიზეზი. აი ამიტომ ნორმალურ სახელმწიფოში, ხალხის აზრით, ჩემი აზრითაც მათ შორის, თქვენ არცერთ სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობაზე არჩევას არ იმსახურებთ“, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ოდიშარია „იმედის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე: რამდენი ხანია არ მინახავს ჩემი შვილების და ჩემი შვილების მეგობრების თაობის გასაოცარი აგრესია