ბათუმში საავტორო ფილმების მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალი (BIAFF) იწყება

 

17-24 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით,  ბათუმში საავტორო ფილმების მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალი (BIAFF) ჩატარდება.
კინოფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ფილმების ჩვენებები,  მოწვეული კინორეჟისორები და პროდიუსერები მასტერკლასებსა და შეხვედრებს გამართავენ.

პროგრამის მიხედვით, 19 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „WYNDHAM Batumi“-ში,  მასტერკლასს გამართავს გიორგი ოვაშვილი; 16.00 საათზე – გია ყანჩელი, 20 სექტემბერს, 16.00 საათზე, ფესტივალის ფარგლებში, მასტერკლასს გამართავს რეჟისორი სიდიქ ბარმაკი.
16.30 საათზე კი თანამედროვე ხელოვნების ცენტრი  უმასპინძლებს ფოტოგამოფენას „აბას კიაროსტამი“. 22 სექტემბერს დაგეგმილია შეხვედრა ახალგაზრდა ქართველ რეჟისორებთან.
23 სექტემბერს,  პროგრამის “შემოქმედებითი ევროპისა” და  „დოკუმენტური ფილმების იდეების სივრცე web-პორტფელის პრეზენტაცია“ მოეწყობა.
ფესტივალის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია შეხვედრები ქართველ რეჟისორებთან – ელდარ შენგელაიასთან, რეზო ესაძესთან და ალექსანდრე რეხვიაშვილთან.

ფესტივალის კინოჩვენებები კინოთეატრ „აპოლოში“ და სასტუმრო “Wyndham”-ის საკონფერენციო დარბაზში მოეწყობა. კინოჩვენებები ასევე გაიმართება  ღია ცის ქვეშ ერას მოედანზე.

კინოფესტივალზე და კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. ამისთვის კინოთეატრ „აპოლოში“ ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა BIAFF ინფო ცენტრში ე.წ. „უფასო ბილეთების“ აღება (რაც რეზევირების და კონტროლისთვის გამოიყენება).
კინოფესტივალის სპონსორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, სასტუმრო „WYNDHAM BATUMI”

კინოფესტივალის მხარდამჭერები – კინოთეატრი „აპოლო”, British Council, Goethe Institute Georgia, სასტუმრო „რჩეული ვილა”, სასტუმრო „Batumi Plaza”, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, „HQ პროპაგანდა”, ტურკომპანია „ვონდერლენდი”.

 

">