ბათუმში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულებს აჭარის მთავრობა დახმარებას ჰპირდება

ბათუმში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულებს აჭარის მთავრობა დაეხმარება – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ განუცხადა.

„ჩვენ ამ დილით დაზარალებულ მოსახლეობას ქალაქ ბათუმის მერიაში  შევხვდით. ამ ეტაპზე ჩვენ მათ ვთავაზობთ დროებითი ფართით უზრუნველყოფას. შეიძლება ითქვას, რომ ალტერნატიული ბინის ფართების შეთავაზებით უპრეცედენტო გადაწყვეტილება მივიღეთ.

გამოძიების დასრულებამდე ვთავაზობთ მოსახლეობას გადავცეთ კონკრეტული ბინები. ასევე არის მეორე შეთავაზება, მოხდება დაზარალებული სახლების რემონტი. ველოდებით მოსახლეობისგან დასტურს და შემდეგ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას.

თუ საბოლოო ჯამში მოხდება მოლაპარაკება მოსახლეობასთან და ფართები  გადაეცემათ საკუთრებაში, მოხდება ჩანაცვლება, მათი საცხოვრებელი ფართები გადაეცემა სახელმწიფოს. ამ ეტაპზე ყველაფერს სახელმწიფო დაფარავს“, – განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე ხანძარი თხევადი აირის აფეთქებამ გამოიწვია; აფეთქების შედეგად 4 სახლი დაზიანდა; დამწვრობა მიიღო ორმა ადამიანმა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ერთერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

">