ბათუმი შავი ზღვის საერთაშორისო რიგით მე-4 კონფერენციას – „ლურჯი ეკონომიკა შავი ზღვის ქვეყნებში“ მასპინძლობს

ბათუმი შავი ზღვის საერთაშორისო რიგით მე-4 კონფერენციას – „ლურჯი ეკონომიკა შავი ზღვის ქვეყნებში“ მასპინძლობს. კონფერენცია ევროკომისიის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით იმართება.

კონფერენციის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა მიმართეს.

კონფერენციაში შავი ზღვის ქვეყნების გარემოს დაცვისა და ეკონომიკის მინისტრები და მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს ექსპერტთა დელეგაციები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელმა ექსპერტები მონაწილეობენ (სულ 150-ზე მეტი მონაწილე).

კონფერენციაზე საზღვაო ეკონომიკის ე.წ. „ლურჯი ეკონომიკის“ საკითხებს, საზღვაო სექტორის განვითარების უახლეს ინიციატივებს, სამეცნიერო კვლევების შედეგებს და შემდგომ სამოქმედო გეგმებს განიხილავენ. კონფერენციის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრა საქართველოს დელეგაციასა და ევროკომისიის საზღვაო პოლიტიკისა და ლურჯი ეკონომიკის დირექტორთან ბერნარ ფრიზთან გაიმართა.

დღესვე, ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და უკრაინის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის „შავი ზღვის გარემოსა და მისი წყალშემკრები აუზის დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.

">