ბათუმის კინოფესტივალი გიორგი ოვაშვილის ფილმით „ხიბულა“ გაიხსნება

დღეს,  18.00 სთ-ზე, ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF გიორგი ოვაშვილის ფილმით „ხიბულა“ გაიხსნება. კინოფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონია ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში  გაიმართება. გახსნის  ცერემონიაზე საპატიო სტუმრად მოწვეულია ცნობილი ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი, რომელსაც გადაეცემა კინოფესტივალის ყოველწლიური სპეციალური პრიზი მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ჯგუფ „ირიაოს“ მიერ შესრულდება გია ყანჩელის მუსიკალური ნაწარმოებები. ასვეე ქართველ მსახიობს ვახტანგ კიკაბიძეს გადაეცემა სპეციალური პრიზი სამსახიობო ოსტატობისთვის.

 

კინოფესტივალის გახსნის ფილმის გიორგი ოვაშვილის „ხიბულა“-ს საერთაშორისo პრემიერა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე გაიმართა. ბათუმის კინოფესტივალზე შედგება ფილმის ქართული პრემიერა, რომელსაც დაესწრება რეჟისორი, მსახიობები და გადამღები ჯგუფის წევრები.

 

BIAFF კინოფესტივალი რვა დღეს გაგრძელდება და წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 40-მდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული/დოკუმენტური ფილმი და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი, 30 ქვეყნიდან.

">