გერმანიის ფედერალური სუბიექტ, ბავარიის ქალაქ ჰოფში დააკავეს 27 წლის სირიელი მამაკაცი, რომელიც ბუნდესვერის ჯარისკაცებზე თავდასხმას ცივი იარაღით გეგმავდა. გამომძიებლების თქმით, ეჭვმიტანილის მიზანი იყო მოსახლეობაში პანიკის დათესვა და რადიკალურ ისლამისტურ იდეოლოგიისადმი ყურადღების მიპყრობა.
ჰოფში, ცენტრალური სადგურიდან სამი კილომეტრის დაშორებით, განლაგებულია ბუნდესვერის ყაზარმები, სადაც რამდენიმე ასეული ჯარისკაცი ცხოვრობს.
მიუნხენის გენერალური პროკურატურა დაკავებულს ტერაქტის მომზადებაში ადანაშაულებს. უწყების ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ეჭვმიტანილი გეგმავდა “რაც შეიძლება მეტი ბუნდესვერის ჯარისკაცის დახოცვას” სადილზე შესვენების დროს. სპეციალურად ამ მიზნით, სირიელმა სამშაბათს 40 სანტიმეტრის ორი მაჩეტე შეიძინა.
გამოძიებას მიუნხენის გენერალურ პროკურატურაში ბავარიის სახელმწიფოს ექსტრემიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალური დეპარტამენტი აწარმოებს. ეჭვმიტანილი ხუთშაბათს საღამოს დააკავეს. პარასკევს დილით, მოსამართლემ სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი მძიმე დანაშაულის მომზადების ბრალდებით დაკავების ბრძანება გამოსცა. პროკურატურა ვარაუდობს, რომ ეჭვმიტანილი რადიკალური ისლამისტური იდეოლოგიის მომხრე იყო.
ბოლო ინციდენტის ფონია გერმანიაში ბოლო ხანს დანის გამოყენებით მომხდარი რამდენიმე ტერორისტული თავდასხმა.
· ექსტრემისტულმა ჯგუფმა, “ისლამურმა სახელმწიფომ” იკისრა პასუხისმგებლობა დასავლეთ გერმანიის ქალაქ ზოლინგენში 23 აგვისტოს ცივი იარაღით განხორციელებულ თავდასხმაზე, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაიჭრა კიდევ რვა პირი.
· ამ თავდასხმიდან რამდენიმე დღეში სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაშავდა დანით თავდასხმის დროს სამგზავრო ავტობუსში, რომელიც მიემართებოდა დასავლეთ გერმანიის ქალაქ ზიგენში (ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალია) დაგეგმილ ფესტივალზე. დაშავებულებიდან სამი კრიტიკულ მდგომარეობაშია. გერმანული მედიის ცნობით, დაკავებულია 32 წლის ეჭვმიტანილი.