ახალციხის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

ახალციხის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„ცეცხლის ქრობის პროცესს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 100–ზე მეტი თანამშრომელი ახორციელებდა. რთული რელიეფის გამო, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 170 თანამშრომელი ჩაერთო.

შსს-ს მეხანძრე-მაშველებმა და სასაზღვრო პოლიციის მფრინავებმა ხანძრის დროულად ლოკალიზებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება განახორციელეს. ამჟამად, ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. ცალკეული კერების სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს“, – წერია შსს-ს განცხადებაში.

სოფელ სვირში ხანძრის ჩაქრობის პროცესში დილიდან ვერტმფრენი ჩაერთო

ახალციხის რაიონის სოფელ სვირში ხანძრის ჩაქრობის პროცესში დილიდან ვერტმფრენი ჩაერთო. შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ხანძრის ლოკალიზება უახლოეს მომავალში მოხდება.

„ხანძრის ლოკალიზება უახლოეს მომავალში მოხდება, ასევე ადგილზე მობილიზებული გვყავს სასაზღვრო პოლიციის კავშირგაბმულობის დანაყოფი, რომელსაც პირდაპირი კონტაქტი აქვს ვერტმფრენთან. ჩვენ რუკები დავამუშავეთ და კონკრეტული კოორდინატები ავიღეთ, მივაწოდეთ ავიაციას და უკვე წერტილოვნად ხდება წყლის დახმა. სისტემა მთლიანად აწყობილია, სახანძრო მანქანებმა მოძებნეს სათადარიგო გზები, ტყეში არიან ღრმად შესულები, გაშლილი არის წყლის მილები და ხდება ხანძრის აქტიური ქრობა. წიწვოვან ნაწილს თუ ცეცხლი ეხება, ეს ყოველთვის პრობემა არის, მაგრამ ჩვენ თავს ვიზღვევთ ყველანაირად, მობილიზებულები ვართ, ამის საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს, ხანძრის მასშტაბები დიდი არ არის. ტერიტორია მიუვალია, მაგრამ არ არსებობს ისეთი ადგილი, სადაც ადამიანი ვერ მიუდგება“,-განაცხადა მღებრიშვილმა.

მღებრიშვილი: სვირში გამოძახებულია ცოცხალი ძალა

ახალციხის რაიონის სოფელ სვირში ხანძრის ჩაქრობის პროცესში დილიდან ვერტმფრენი ჩაერთვება, – ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გააკეთა.მისივე თქმით, ადგილზე გამოძახებულია ცოცხალი ძალა, დაახლოებით 200 კაცის შემადგენლობით, რომლებიც ასევე დილიდან შეუდგებიან მუშაობას. ინფორმაციას ipn ავრცელებს.

ხანძარი დიდ ფართობზე გავრცელებული არ არის, ამ ეტაპზე საგანგაშო ნამდვილად არაფერია, უბრალოდ ტერიტორია არის საკმაოდ მიუვალი, კლდოვანი და ტექნიკას უჭირს მიახლოვება. მიუხედავად ამისა, დილის 7 საათიდან, როგორც კი გათენდება, ხანძრის ქრობის პროცესში ავიაცია ჩაერთვება. ვერტმფრენი იქნება ადგილზე, გამოძახებული გვყავს ცოცხალი ძალა, 200 კაცის შემადგენლობით. ხანძრის გავრცელების საშიშროება ჯერჯერობით არ არსებობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი, რომელსაც დღეს ჩაუტარდა რეგლამენტი, დილიდან მწყობრში იქნება და ჩაერთვება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში. ნახევარ ჰექტრამდეა დამწვარი და ცეცხლი განელებულია. მისი გავრცელების საფრთხე არ არის”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

ასამდე მეხანძრე ბორჯომის ხეობიდან ახალციხეში გადაიყვანეს

მეხანძრე მაშველები, რომლებიც ბორჯომის ხეობაში იყვნენ მობილიზებულები, ახალციხისკენ გადაამისამართეს. დაახლოებით 100-მდე მეხანძრე მაშველმა საგანგებო შტაბი რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

ახალქალაქში ხანძარი ლოკალიზებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში  გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ – „112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ ახალქალაქში, სოფ. კორხის მიმდებარედ, მთის ფერდობზე, შერეული ტყის მასივში გაჩნდა ხანძარი. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყონებლივ მოხდა ათეულობით მეხანძრე-მაშველისა და შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის მობილიზება. რთული რელიეფის მიუხედავად, მეხანძრე მაშველების დროული და ეფექტური რეაგირების შედეგად, 2-3 ჰა ფართობზე გავრცელებული ხანძრის ლოალიზება უმოკლეს დროში მოხდა. ამჟამად, მიმდინარეობს ხანძრის ცალკეული კერების ლიკვიდირება. ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.

სამცხე-ჯავახეთში ტყეში გაჩენილ ხანძარს მეხანძრეები ვერ უახლოვდებიან

ახალციხისა და ახალქალაქის სოფლებში – სვირსა და კორხში ცეცხლი წიწვოვან ტყეს უკიდია. სვირში ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ ადგილზე სამი სახანძრო მანქანა მუშაობს, თუმცა ცეცხლის კერასთან მიახლოება რთული რელიეფის გამო ჯერ ჯერობით შეუძლებელია.  ამ ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს

სოფელ სვირში, სადაც ტყეში ხანძარია, გაწვიმდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში, სადაც ტყეში ხანძარია, გაწვიმდა. ამ ინფორმაცია 1tv ავრცელებს.

დღეს, დაახლობით 16:00 საათისთვის სოფელ სვირში, წიწვოვან ტყეში ხანძარი გაჩნდა.

როგორც ზაზა მელიქიძემ განაცხადა, ხანძარი მცირე ფართობზე იყო გავრცელებული, თუმცა რთული რელიეფის გამო, მეხანძრეებს მუშაობა უჭირდათ.

ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურები, სატყეო სამმართველო, ასევე ადგილზეა ადგილობრივი მოსახლეობა.

ახალციხის და ახალქალაქის სოფლებში სვირსა და კორხში ხანძარი

ახალციხის და ახალქალაქის სოფლებში სვირსა და კორხში ხანძარია. როგორც News.ge-ს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ორივე ადგილას უკვე დაწყებულია ხანძრის ქრობის პროცესი. პარალელურად ხდება ამ ტერიტორიებზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადების მობილიზაცია.

სააგენტოსთვის ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რა ფართობს უკიდია ცეცხლი.

">