თამარ მეარაყიშვილზე განმარტებას ცხინვალის ე.წ. პროკურატურა აკეთებს

ახალგორელ აქტივისტზე  თამარ მეარაყიშვილზე განცხადება ე.წ. სამართალდამცავ ორგანოში პარტია “ერთიანი ოსეთის“ რეგიონალურმა ხელმძღვანელმა სპარტაკ დრიაევმა 16 ივლისს შეიტანა, რომლის მტკიცებითაც მეარაყიშვილმა მას ცილი დასწამა. ე.წ. პროკურატურის განმარტებებს მომხდართან დაკავშირებით ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გამომძიებლის თქმით , “ეხო კავკაზა“-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში პარტია დადანაშაულებული იყო ბევრი მიმართულებით. გამოთქმული ბრალდებები ახალგორელი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის ციტატებს ეყრდნობოდა.

“პარტიის წევრები ყველაზე მეტად იმ ფრაზებით გაღიზიანდნენ, რომლის მიხედვითაც ისინი თითქოს დადიან ადგილობრივ საავადმყოფოებში და ხელმძღვანელობას ექიმების დანიშვნას და წამლების ურეცეპტოდ გაცემას სთხოვენ. ამას გარდა, სტატიაში ნათქვამია, რომ პარტიის წევრები უწესოდ იქცევიან, თითქოს ახლა თვითონ არიან ყველაფრის ბატონ-პატრონები რაიონში“ – აცხადებს გამომძიებელი.

16 აგვისტოს დაიწყო გამოძიება ცილისწამების მუხლით. მეარაყიშვილი იმავე დღეს დაიბარეს დასაკითხად და ჩაატარეს ჩხრეკა. ე.წ. სამართალდამცველების განმარტებით, ჩხრეკა გადაუდებელი ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა

საქმის გამოძიება ახლაც მიმდინარეობს. ამასობაში კი მეარაყიშვილმა “ეხო კავკაზას“ მორიგი ინტერვიუ მისცა, სადაც გამომძიებლის თქმით, მან დაკითხვის პროცესზე ფაქტები გააყალბა და განაცხადა, რომ მას ამცირებდნენ.

“დაკითხვის დასაწყისში ოქმი ივსება პირადი მონაცემებით. მეარაყიშვილმა მარტივი კითხვა მისი ოჯახური მდგომარეობის შესახებ შეაფასა როგორც მისი მარტოხელობის მიმართ ინტერესი“ – ამბობს გამომძიებელი.

ადგილობრივი მედია აცხადებს, რომ მეარაყიშვილი მათთან კონტაქტზე არ გადის – გამორთული აქვს ტელეფონები და არც კარს უღებს ჟურნალისტებს.

Amnesty International-ი – თამარ მეარაყიშვილის დევნა უნდა შეწყდეს

Amnesty International-ი ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია მის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს ცხინვალის რეგიონში გამოხატვის თავისუფლების ჩახშობის მცდელობად აფასებს.განცხადებაში საუბარია იმ მასალებზე, რომელთა გამოც მეარაყიშვილი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ძალოვანმა სტრუქტურებმა დაკითხვაზე გამოიძახეს. ჩხრეკა ჩატარდა მის საცხოვრებელ სახლში.

„ცილისწამების ბრალდება თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ უნდა მოიხსნას, უნდა დასრულდეს მისი შევიწროება დე-ფაქტო ხელისუფლების კრიტიკის გამო“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Amnesty International-ში მიიჩნევენ, რომ დადასტურების შემთხვევაშიც კი, ცილისწამების ბრალდება არ უნდა გახდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი.

ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი საკუთარ სახლში იმყოფება

ჟურნალისტისა და სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის შვილის განცხადებით, ჟურნალისტის დაკითხვა დასრულდა და ის ამ დროისთვის სახლში იმყოფება. ჟურნალისტის შვილმა ანანო ზოზიევამ „რუსთავი2“-თან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ე.წ. სამართალდამცველებმა მეარაყიშვილის სახლიდან რამდენიმე ძველი საბუთი და ერთერთი უცხოელის სავიზიტო ბარათი წაიღეს.

„იპოვეს რაღაც ძველი საბუთები, ისეთი არაფერი იყო და ერთი სავიზიტო ბარათი და წაიღეს, ამ დროისთვის დედა სახლში იმყოფება“,-განაცხადა ანანო ზოზიროვამ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი იმედოვნებს, რომ სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილზე ზეწოლა დასრულდება და ყველა ოჯახს მიეცემა უსაფრთხოდ ცხოვრების შესაძლებლობა.

„ჩვენ ვართ აქტიურად ჩართული მისი გათავისუფლებსა და მის მიმართ დევნის შეწყვეტის მიმართულებით მუშაობაში. სრულა არიან ინფორმირებული ჩვენი პარტნიორები, მათ შორის ევროკავშირის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მისი ინფორმაციით, რომელიც მედიაში გავრცელდა, ის კვლავ არის დაბარებული ე.წ. დაკითხვაზე, ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი საერთო ძალისხმევა გამოიღებს შედეგს და ამით ამოიწურება მის მიმართ მსგავსი ქმედებები და ზეწოლის განხორციელება და თამარ მეარაყიშვილს, მის ოჯახს და საერთოდ ყველა ოჯახს მიეცემა უსაფრთხოდ ცხოვრების შესაძლებლობა“,-განაცხადა ციხელაშვილმა.

აღნიშნულ საკითხს მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებიც გამოეხმაურნენ. ენერგეტიკის მინისტრის ილია ელოშვილის განცხადებით, მთავრობა მუშაობს იმისთვის, რომ უზრუნველყოს მისი დაცულობა, როგორც ჯანმრთელობის, ისე იურიდიული კუთხით.

„მე ვისურვებდი, რომ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას, მე ვისურვებდი, რომ მის საქმიანობასაც არ შეეშალოს ხელი, იმიტომ, რომ  რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს ადამიანი ცდილობს გააშუქოს მოვლენები, რომელიც მიმდინარეობს ამ რეგიონში და რამდენადაც მე ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ჩემი პირდაპირი სფერო, მთლიანად ჩართული არის მთავრობაც, სხვადასხვა ინსტიტუტები, იმისთვის, რომ უზრუნველყონ მისი დაცულობა, როგორც ჯანმრთელობის, ისე იურიდიული კუთხით“,-განაცხადა ელოშვილმა.

ახალგორის რაიონში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი და ნეტგაზეთის უშტატო ჟურნალისტი ახალგორიდან, თამარ მეარაყიშვილი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალამცველებმა დააკავეს. ინფორმაციას ნეტგაზეთი ავრცელებს. თამარ მეარაყიშვილის დაკავების შესახებ დეტალებს გამოცემას მისი შვილი უამბობს.

“დედა თბილისიდან ჩამოვიდა [თბილისის დროით, 18:20], სახლთან უკვე მანქანა ელოდა. სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა პირებმა განუცხადეს, რომ დაკავებულია და ახალგორის პოლიციის შენობაში შეიყვანეს. დაკავების ორდერი თან არ ჰქონიათ და არც ის უთქვამთ, რა ბრალდებით იყო დაკავებული. უთხრეს, რომ ადგილზე ყველაფერს შეატყობინებდნენ”.

2017 წლის 8 ივნისს კი თამარ მეარაყიშვილი დაკითხვის თუ დაშინების მიზნით, ახალგორიდან ცხინვალში გაიტაცეს. სამოქალაქო აქტივისტის გაუჩინარების შესახებ ინფორმაციის სოციალური ქსელით გავრცელებამ და საერთაშორისო მხარეთა ჩართულობამ შედეგი გამოიღო. გამტაცებლებმა ის კვლავ საკუთარ სახლში, ახალგორში მიიყვანეს, თუმცა, კითხვაზე, ვინ იყვნენ გამტაცებლები და კონკრეტულად რით დაემუქრნენ მას, არ პასუხობს. მეარაყიშვილის გატაცების საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდის დროს ივნისში დისკუსიის თანათავმჯდომარეებმაც წამოაყენეს.

აღნიშნულ ფაქტს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი  გამოეხმაურა და დე ფაქტო ხელისუფლებას მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

">