აშშ-ის პორტების ათობით ათასმა თანამშრომელმა უვადო გაფიცვა გამოაცხადა. ეს ბოლო 50 წლის განმავლობაში აშშ-ის პორტების მუშაობის პირველი მასშტაბური შეჩერებაა, რომელიც შესაძლოა ქვეყნის ეკონომიკას ყოველდღიურად მილიარდობით დოლარი დაუჯდეს.
საპრეზიდენტო არჩევნების და სადღესასწაულო სეზონის წინ გამოცხადებული გაფიცვა, სავაჭრო და ეკონომიკური საქმიანობის სერიოზული შეფერხების საფრთხეს ქმნის.
პორტების თანამშრომლები აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე და მექსიკის ყურის სანაპიროზე მდებარე პორტებში გაიფიცნენ, რის გამოც საკონტეინერო გადაზიდვები შეჩერებულია მეინის შტატიდან ტეხასამდე. ამგვარად, საპროტესტო აქციამ აშშ-ის მთელი აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ ყველა სახის ტვირთის გადაზიდვა შეაჩერა – სურსათიდან ავტომობილებამდე.
აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს უფლება აქვს, შეაჩეროს გაფიცვა პროფკავშირსა და დამსაქმებელს შორის მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის, თუმცა თეთრ სახლში არაერთხელ გამორიცხეს პრეზიდენტის აღნიშნული ფედერალური უფლებამოსილების გამოყენება.
აშშ-ის ვაჭრობის პალატის პრეზიდენტმა, სუზან კლარკმა გუშინ ბაიდენს მოუწოდა, განიხილოს გაფიცვის შეჩერების განკარგულების გაცემა, რადგან მისი თქმით, „არაგონივრული იქნება იმის დაშვება, რომ კონტრაქტებთან დაკავშირებულმა დავამ ასეთი შოკი მიაყენოს ქვეყნის ეკონომიკას“.
The International Longshoremen’s Association, რომელიც პორტების 45 ათას თანამშრომელს წარმოადგენს მოლაპარაკებებს მართავს დამსაქმებელი კომპანიების ჯგუფთან „აშშ-ის საზღვაო ალიანსთან“ (USMX) ახალ ექვსწლიანი კონტრაქტთან დაკავშირებით. ძველი კონტრაქტის ვადა 30 სექტემბრის შუაღამით ამოიწურა. პროფკავშირმა უარყო დამსაქმებელი ჯგუფის ბოლო შეთავაზება, რომელიც ხელფასების ზრდისა და სოციალური შეღავათების გარდა, პროფკავშირი სამუშაო პროცესის ავტომატიზაციისგან დაცვის გარანტიებს ითხოვს.
დამსაქმებელთა ჯგუფის განცხადებით, მათ პროფკავშირებს სახელფასო ანაზღაურების, დაახლოებით 50%-ით ზრდა შესთავაზეს, თუმცა მათი ეს წინადადება პროფკავშირმა უარყო.
„ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ, რამდენიც საჭიროა, გავაგრძელოთ გაფიცვა, რამდენიც საჭიროა, რომ მივიღოთ ისეთი ანაზღაურება და დაცვა ავტომატიზაციის წინააღმდეგ, რასაც ჩვენი ასოციაციის წევრები იმსახურებენ“, – განაცხადა ILA-ს ლიდერმა, ჰაროლდ დაგეტმა.
წინა კონტრაქტით, პორტის თანამშრომელთა საშუალო ხელფასი საათში 20-დან 39 დოლარამდე მერყეობდა, რაც დამოკიდებული იყო დასაქმებულის გამოცდილებაზე.
დასაქმებულთა წარმომადგენელი ასოციაციაში აცხადებენ, რომ კოვიდის პანდემიით გამოწველი ინფლაცია მძიმედ აისახა ხელფასებზე, მაშინ როდესაც დამსაქმებელი კომპანიების შემოსავალი გაიზარდა.
ეს აშშ-ში პირველი მსგავსი გაფიცვაა 1977 წლის შემდეგ, რომელიც ყველა სახის პროდუქტის იმპორტსა და ექსპორტზე აისახება. პორტის ადმინისტრაციის ცნობით, მხოლოდ ნიუ იორკის პორტებში გადმოტვირთვას 100 ათასამდე კონტეინერი ელოდება.
პირველი არხი