„აღმოვჩნდებით ბევრად მძიმე ეკონომიკურ გასაჭირში“ – რას კარგავს საქართველო უვიზო მიმოსვლის შეჩერებით?

ევროპასთან უვიზო მიმოსვლის გაუქმების საფრთხე რეალური გახდა „ქართული ოცნების“ ანტიევროპული პოლიტიკის გამო. რა ელოდება საქართველოს ევროპისგან დაშორებით და რას კარგავს ქართველი ხალხი? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პოლიტოლოგ გიორგი ბადრიძეს ესაუბრა.
· ბატონო გიორგი, დღეს უკვე დაიწყო მორიგი პროპაგანდა ირაკლი მ ვიზალიბერალიზაციაზე და განაცხადა, რომ ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის საპირწონედ ითხოვს სუვერენიტეტის დათმობას და „ქართული ოცნება“ აირჩევს სტაბილურობასო. როგორ ფიქრობთ, ისევ იმუშავებს მსგავსი პროპაგანდა ხალხზე? და რას კარგავს ქვეყანა ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით?
მე კარგად მახსოვს, 2017 წელს, ზუსტად იგივე კობახიძე ამბობდა, რომ ეს იყო დიდი მიღწევა, როდესაც ევროკავშირმა მისცა საქართველოს უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა. ის ამტკიცებდა, – სიტყვა-სიტყვით ვიმეორებ, რომ „ეს იყო დიდი პრივილეგია და ასევე პასუხისმგებლობა“.
ან მაშინ გვატყუებდა კობახიძე, ან ახლა ტყუის, რადგან ზუსტად ამის საპირისპიროს ამბობს.
ვიზალიბერალიზაცია და უვიზო მიმოსვლა ტექნიკური საკითხი არ არის, ეს არის ევროპასა და საქართველოს შორის ურთიერთობის ხარისხის საკითხი.
ევროკავშირს მხოლოდ იმ ქვეყნებთან აქვს უვიზო მიმოსვლა, რომლებსაც მიიჩნევს ახლობლად, მოკავშირედ და რომლის მოქალაქეებიც, სულ მცირე, არ წარმოადგენენ უკანონოდ, ვადაზე მეტხანს დარჩენის, სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის რისკს მის ტერიტორიაზე და ასე შემდეგ.
საქართველო მდიდარ ქვეყნებს შორის რომ არ იყო, ეს 2017 წელსაც იცოდნენ, მაგრამ მაინც მიიღეს ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რისკის ზონაში შედიოდა თავისი ეკონომიკური ვითარების გამო. ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმის წასახალისებლად, რასაც ქართველი ხალხისგან აღიქვამდნენ, რომ ხალხს ჰქონდა გამოხატული სურვილი გამხდარიყვნენ ევროპის ნაწილი… და ასეც იყო.
ევროკავშირს აქვს თავისი კონკრეტული სტანდარტები, რომელიც ყოველთვის იყო ცნობილი. ეს არის დემოკრატიული ინსტიტუტები, ეს არის დემოკრატიული პროცესი, ეს არის ადამიანის უფლებები და ქვეყანა, რომელიც ამ პრინციპებს შეგნებულად, სისტემატურად არღვევს, ბუნებრივია, აღარ განიხილება ისეთივე მოკავშირედ, როგორადაც განიხილებოდა საქართველო მანამდე, სანამ ჰქონდა მას პრეტენზია, რომ სურდა ევროკავშირის წევრი გამხდარიყო.
შესაბამისად, შესაძლო გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის შესახებ, იქნება ევროკავშირის მიერ იმის აღიარება, რომ ივანიშვილის ხელისუფლება იმის საპირისპიროს აკეთებს, რასაც ევროკავშირი ელის კანდიდატი ქვეყნისგან.
დღეს სრულიად აშკარად გამოიხატა, რომ „ოცნების“ ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმის საპირისპიროდ, რაც არის მოთხოვნილი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან. მაშინ ევროკავშირის წევრი ქვეყნები თავიანთ მოქალაქეებს ვეღარ აუხსნიან, თუ რატომ არის უვიზო მიმოსვლა ღარიბ ქვეყანასთან, სადაც დემოკრატიის ნაცვლად ააშენეს რუსული პოლიტიკური სისტემა.
· დღეს მდინარაძემაც წამოსწია პროპაგანდის ის ხაზი, სადაც იმეორებენ, რომ თითქოს ოჯახების სიწმინდეს და ქართულ ღირებულებებს იცავენ ამით. „ოცნების“ მომხრეებს ახლა მაინც ხომ უნდა გაუჩნდეთ კითხვა, 2017 წელს არ ზრუნავდა კობახიძე ოჯახის სიწმინდეზე? მაშინ ხომ ამბობდა, რომ ვიზალიბერალიზაცია პრივილეგია იყო?
რას წარმოადგენს, მე აღარ შევალ ამის განხილვაში, მაგრამ სრულიად ბუნებრივია, რომ ის ღიად არ ეუბნება თავის მომხრეებს: ჩვენ იმიტომ ვამბობთ უარს ევროკავშირზე, რომ თქვენ, ჩემო ამომრჩეველო, არ გქონდეთ უფლებები, არ შეგეძლოთ თავისუფალ არჩევნებში მონაწილეობა, რომ თქვენ არ შეგეძლოთ სარგებლობა დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლოთი და ამაზე უარს რომ გეუბნებით, ამიტომ გვაქვს დაპირისპირება ევროკავშირთანო.
ამას ვერ ეტყვიან. ამიტომ უნდა გამოიგონონ რაღაც აბსურდული ბრალდება ევროკავშირის მიმართ.
ევროკავშირი, რა თქმა უნდა, არ შეცვლილა და ადამიანის უფლებების დაცვა იქ ყოველთვის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენდა. ოღონდ ამ ლგბტქ საკითხზე რომ აქვთ ხოლმე ასეთი გართულება „ოცნების“ წარმომადგენლებს, მათ მომხრეებსაც უნდა ესმოდეთ, რომ ევროკავშირში ყველას უფლებაა დაცული, ყველა მოქალაქის და ქვეყნები, რომლებიც ღიად არღვევენ უმცირესობების უფლებებს, არასდროს არ იცავენ უმრავლესობის უფლებებსაც და ასევე ღიად არღვევენ მათ უფლებებსაც.
ს მოდელზე რახან გადადის ივანიშვილის ხელისუფლება, ძალიან მარტივად შემიძლია გაჩვენოთ, რომ რუსეთში ღიად და კანონით არის შემოღებული უმცირესობების დისკრიმინაცია, მაგრამ აბა გაბედოს სლავმა, ეთნიკურმა რუსმა, მართლმადიდებელმა და ხმა ამოიღოს მაგალითად კორუფციაზე, როგორც ეს გააკეთა რუსმა ნაციონალისტმა მ და ყველამ ნახა, რა დღე დააყენა შემდეგ ვითომ ტრადიციული ფასეულობების დამცველმა რუსულმა ხელისუფლებამ.
ეს უნდა მიიღონ მხედველობაში იმ ადამიანებმა, რომლებიც ასე მიამიტურად უსმენენ ამ სულელურ და უწესო პროპაგანდას.
· კობახიძემ თავის პროპაგანდაში კვლავ ჩართო ასეთი ნარატივი, რომ აი, რით განსხვავდება ბრიუსელი და მოსკოვი? საბჭოთა კავშირიც გვკარნახობდა და თუ არ შეასრულებდი, გსჯიდნენო. ამ კრემლისტურ პროპაგანდას როგორ შეგიძლიათ უპასუხოთ?
ბრიუსელი არის მიზიდულობის ძალა, თავისი განვითარებით, თავისი ეკონომიკური კეთილდღეობით, თავისი კულტურული, სამეცნიერო და სხვა უამრავი მიღწევებით, რის გამოც შევიდნენ ევროკავშირში ის ქვეყნები, რომლებიც შევიდნენ.
არცერთ ამ ქვეყანას ევროკავშირი არ გაჰკიდებია და ძალით არ შეუყვანიათ. პირიქით, უამრავი წინაპირობაა შესასრულებელი იმისთვის, რომ მიგიღონ ევროკავშირში.
რუსული სისტემა გულისხმობს, გინდა თუ არ გინდა, ძალით, მის დაქვემდებარებაში ყოფნას. და თუ შენ არ გაქვს სურვილი, რომ იყო მოსკოვის ყმა, ის ომით და ძალმომრეობით გიზიდავს მასში.
ზოგადად, დასავლური და რუსული სისტემა კიდევ იმით განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ დასავლური სისტემა დაფუძნებულია დემოკრატიის პრინციპზე, ადამიანის უფლებების და ადამიანის კეთილდღეობის პრინციპზე და რუსული სისტემა დამოკიდებულია ძალმომრეობაზე, ადამიანის უუფლებობაზე და როგორც ვთქვი, ეს ასევე გულისხმობს უმრავლესობის წარმომადგენლების უუფლებობასაც.
აი, ეს არის განსხვავება და ამათი გაიგივება შეუძლია მხოლოდ სრულიად უცოდინარ ან სრულიად უსინდისო ადამიანს, რომელიც ასე ღიად თვალში ნაცარს აყრის ჩვენს მოქალაქეებს.
· ვიზალიბერალიზაციის საკითხს ბევრი ადამიანი გამოეხმაურა ფეისბუქზე. ბევრი წერდა, რომ უვიზო მიმოსვლამ ძალიან ბევრი ოჯახი გადაარჩინა შიმშილს და სიკვდილს, რადგან ვიცით, რომ თავისუფალი მიმოსვლა არ არის მხოლოდ ევროპაში მოგზაურობა და ეს დაკავშირებულია სამუშაო ადგილებთან, მკურნალობასთან, განათლების მიღებასთან და ასე შემდეგ. იქნებ კიდევ შევახსენოთ ადამიანებს, რა შეიძლება დაკარგონ ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლით?
არა მგონია არ იცოდნენ ამის შესახებ ადამიანებმა, არ იღებდნენ ამ სიკეთეებს ან არ იცნობდნენ ისეთ ოჯახებს, რომლებიც პირდაპირ დამოკიდებული არიან ევროპიდან მათი ახლობლების მხრიდან ფულის გადმორიცხვაზე.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსაც ძალიან უყვართ იქ სიარული გასართობად, შოპინგისთვის და შემდეგ გვეტრაბახებიან ამ ყველაფრით, თუ როგორ დადიან და ძალიან ხშირად ჩვენ ხარჯზე ევროპის დედაქალაქებში. მათთვის ჯერ არ შემიმჩნევია, რომ სასწავლებლად, საცხოვრებლად ან სამუშაოდ თავიანთი შვილები გაეგზავნოთ სადმე რუსულ პროვინციაში.
ასე, რომ ამ პრივილეგიის დაკარგვა, ყველას შეეხება, მაგრამ მთავარი აქ არის არა მხოლოდ ის დანაკარგი, რომელიც ფიზიკურად შეუზღუდავს ადამიანს უვიზოდ, ბილეთის აღების შესაძლებლობას, ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმების გარეშე, არამედ ეს იქნება სიმბოლო საქართველოს დაშორებისა იმ საერთო ცივილიზაციური და პოლიტიკური სფეროდან, რომელსაც ის თავისად განიხილავდა მრავალი თაობის და საუკუნის განმავლობაში.
ამით მამუკა მდინარაძეები გვეუბნებიან, რომ ჩვენ არ ვართ დასავლური, ევროპული, ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილი, არამედ ვართ აი, ამ მონღოლური ურდოს ნაწილი, რომელიც არის რუსეთი.
რაც არ უნდა დიდი ჯვარი დაიჭიროს ამ ხალხმა ხელში, სინამდვილეში ლაპარაკია სწორედ ამ მონღოლურ კაბალაში და მონღოლების ყმობაში დაბრუნებაზე.
· თუკი მოხდება ისე, რომ მართლა შეგვიჩერდება უვიზო მიმოსვლა ევროპასთან, შეძლებს კი საქართველო ოდესმე ამ პრივილეგიის დაბრუნებას თუ სამუდამოდ დავკარგავთ ამ სიკეთეს „ქართული ოცნების“ პროპაგანდის და მავნე პოლიტიკის გამო?
როგორც კი საქართველო მოიპოვებს ნორმალურ ხელისუფლებას, პირველივე დღიდან, ბუნებრივია, აღდგება მუშაობა ევროკავშირთან ამ ურთიერთობების, ამ ინტეგრაციის აღდგენაზე, ოღონდ შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში უფრო მეტი ეჭვით და სკეპტიციზმით შეიძლება მოეკიდონ საქართველოს, რადგან ფაქტია, რომ აგერ უკვე 12 წელია მას მართავს რუსული ოლიგარქიული რეჟიმი, რომელიც მათ მიიღეს პარტნიორად, მაგრამ მათ ძალაუფლების და დიდი კორუფციული ქონების შენარჩუნება ამჯობინეს დემოკრატიულ პრინციპებს და ევროპაში ინტეგრაციას და ევროპის ქვეყნებს ყოველდღე სასწაულ ბრალდებებს უყენებენ. ხან გარყვნილებას აბრალებენ და ხან ომში ჩვენი ჩათრევის სურვილს.
მე ხაზს გავუსვამ, რომ ევროკავშირი არის მსოფლიოში უნიკალური გაერთიანება, რომელმაც უზრუნველჰყო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი, უწყვეტი მშვიდობის პერიოდი, დაწყებული მისი შექმნიდან გაგრძელებული დღემდე.
მსოფლიოში არცერთ რეგიონში 80 წლის განმავლობაში უწყვეტი მშვიდობა და კეთილდღეობა არ ყოფილა. ასე რომ, ევროკავშირი არის მშვიდობის პროექტი და სწორედ მას აბრალებენ ომის გაჩაღების სურვილს, რაც არის გათვლილი სრულიად ბრიყვი, უმეცარი, უცოდინარი ადამიანებისთვის.
· ვიცით, რომ ძალიან აქტიურად ალაპარაკდა სომხეთი ევროინტეგრაციაზე. რამდენად არის შესაძლებელი, რომ სომხეთმა შეძლოს ევროინტეგრაცია, აზერბაიჯანმა და ამ დროს, საქართველო ჩარჩეს რუსულ ჭაობში? გეოპოლიტიკურად თუ არსებობს ამის შანსები?
მთავარი პრობლემა, ჩვენი კუთხიდან თუ შევხედავთ, არის ის, რომ რუსეთი დღეს უკვე ცდილობს სომხეთის ევროპისკენ მიმავალი გზის გადაჭრას საქართველოს მეშვეობით.
ზუსტად ისე, როგორც აზერბაიჯანს შეიძლება შეუქმნას პრობლემები თურქეთთან და საერთაშორისო ბაზრებთან დაკავშირებით საქართველოს მეშვეობით და ეს წარმოქმნის რეალურ შესაძლებლობას, რომ რუსეთმა შესაძლოა გააჩაღოს კონფლიქტი საქართველოსა და სომხეთს ან საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის.
კონფლიქტი იყო ყოველთვის საფუძველი სამხრეთ კავკასიაზე რუსეთის კონტროლის. და თუ დავაკვირდებით, აზერბაიჯანი აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს სომხეთთან, რათა პრაქტიკულად გახსნას საქართველოს ალტერნატიული დერეფანი, რომელიც მას დააკავშირებს თურქეთთან და ამაში დამნაშავე არის პირადად „ქართული ოცნება“ და , რადგან მან პრაქტიკულად წაართვა საქართველოს მისი ბუნებრივი გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური ფუნქცია დამაკავშირებლის კასპიის რეგიონისა შავ ზღვასთან.
იმიტომ, რომ მას დღეს აღიქვამენ უკვე არასანდო პარტნიორად არა მარტო ევროკავშირში, არამედ ჩვენს უშუალო სამეზობლოშიც.
მე არ ვიცი შეძლებს თუ არა სომხეთი საქართველოს გარეშე ევროკავშირში გაწევრიანებას, რადგან მას ფიზიკურად არ ექნება დამაკავშირებელი, მაგრამ, ის, რომ სომხეთს შეუძლია დღეს აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ აქტიურად ჩაანაცვლოს საქართველო, როგორც სატრანზიტო ელემენტმა, ეს რეალურად შესაძლებელია.
· დღეს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი შეხვდა ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემის ხელმძღვანელს და როგორ ფიქრობთ, ელოდება ივანიშვილი, რომ, შესაძლოა SWIFT-იდანაც გაითიშოს საქართველო? ასეთ შემთხვევაში ჩინეთი რას მისცემს საქართველოს, იქნება კი დასავლეთის ალტერნატივა ჩვენთვის?
ჯერ ერთი, ჩინეთი ევროკავშირს და დასავლეთს საქართველოში ვერ ჩაანაცვლებს, იმიტომ, რომ ამის არც სურვილი აქვს და არც ინტერესი. ჩინეთი დიდი ხანია ძალიან კონკრეტული პრინციპებით მოქმედებს და ეს პრინციპი გულისხმობს, რომ ის არასდროს კავკასიაში რუსეთის საწინააღმდეგოდ არ იმოქმედებს.
ყველაფერი, რასაც ჩინეთი გააკეთებს, იქნება მხოლოდ და მხოლოდ რუსეთთან კოორდინაციაში. ჩინეთი კავკასიას და საქართველოს თვლის რუსეთის ვასალად და სხვანაირად ის, დამოუკიდებლად, საქართველოში არ მოიქცევა და არც ჩინური საბანკო სისტემა შემოვა საქართველოში ძალიან მარტივი მიზეზით, რადგან მას არ აქვს საქართველოში საკმარისი პოლიტიკური ან ეკონომიკური ინტერესი.
ასეთი ინტერესი რომ ჰქონდეს, მაშინ საქართველოში დიდი ხნის წინ გვექნებოდა ნანახი ჩინური ინვესტიციები, რომლებიც მოახდენდნენ სერიოზულ გავლენას ჩვენს ეკონომიკურ განვითარებაზე.
იმ ჩინელი მშენებლების გარდა, რომელიც შეიძლება პერიოდულად ნახოთ ჩვენს გზებზე და რომლებიც ევროპული ფულით აშენებენ ჩვენს ინფრასტრუქტურას, სხვა არანაირი განსაკუთრებული ჩინური აქტივობა საქართველოში არ არსებობს.
· ამ შეხვედრების მიზანი რა არის მაშინ?
ვერ გეტყვით, რადგან მათი განცხადებები ჩემთვის დიდი ხანია სანდო აღარ არის და არც ჩინეთი არ არის საქართველოში სტრატეგიული მოთამაშე და ვერც გახდება, რადგან სულ მცირე, ის რუსეთთან კოორდინაციაში მოქმედებს.
· როგორ ფიქრობთ, შეძლებს „ოცნება“, რომ ხალხი შეაგუოს ვიზალიბერალიზაციის დაკარგვას თუ ექნება ამას წინააღმდეგობა?
თუ „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილი მიაღწევს ამ მიზანს, რომ შეაგუოს ამას ხალხი, ეს ნიშნავს, რომ ხალხი აღმოჩნდება არა მარტო პოლიტიკურად იზოლირებულ ქვეყანაში, არამედ ბევრად უფრო ძლიერ ეკონომიკურ გასაჭირში.
და ამას თავისთავზე იგრძნობს ყველა. მე მეშინია, რომ მერე უფრო ძნელი არ აღმოჩნდეს ამ ორმოდან ამოსვლა, რომელშიც ჩვენ პრაქტიკულად შევყავართ ბიძინა ივანიშვილს, მხოლოდ და მხოლოდ თავისი პირადი ძალაუფლების და ფინანსური ინტერესების უზრუნველსაყოფად.