აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრს რომეო მიქაუტაძე ზუგდიდში შეხვდა

22 დეკემბერს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრი, ქრისტინა ოზგანი ზუგდიდში „ენგურჰესის” ხელმძღვანელობას შეხვდა. ამის შესახებ აფხაზური მედია წერს. გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. მინისტრმა აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ითხოვა.
ამის შესახებ ინფორმაცია BMG-ის „ენგურჰესში” დაუდასტურეს. მათი თქმით, ქრისტინა ოზგანი ზუგდიდში იმყოფებოდა და მას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, რომეო მიქაუტაძე შეხვდა.
„დიახ, რომეო მიქაუტაძე შეხვდა. მინისტრი იყო იქიდან წამოსული და ცხადია, აქედანაც მაღალი რანგის პირი უნდა შეხვედროდა. მე არ ვესწრებოდი, თუმცა საქმიანი შეხვედრა იყო. როგორც იცით, რუსეთმა აფხაზეთს ელექტროენერგიის საფასურის გადახდა მოსთხოვა. მათ ნოემბერ-დეკემბრის გადაიხადეს და შესაძლოა, შემდეგი თვეების გადასახადზე ისაუბრეს. ნამდვილად ვიცი, რომ ზამთრის მომარაგებაზე [ელექტროენერგიის] იყო საუბარი. საუბარი შეეხო გამრიცხველიანებას”, – განაცხადა ენგურჰესის თანამშრომელმა.
BMG-თან „ენგურჰესის” დირექტორი ლევან მებონია მხოლოდ იმას ამბობს, რომ საუბარი ენგურის ექსპლუატაციას შეეხო.
წყარო: bm.ge