სოციალური ქსელი:
დაბოღმილი ჩავჯექი ტაქსიში, დანა პირს არ მიხსნის. ნაძალადევში ერთი მდიდარი ნათესავი მეგულება, ფულის სასესხებად მივიჩქარი. ტაქსის შოფერთან შევყევი ლაპარაკს, თავაზიანი ჩანდა. როცა ჩემი გაჭირვების ამბავი გაიგო, უკლო სიჩქარეს და ფიქრებში წასულმა მითხრა:-ეეე-ე, მანქანის ოჩერედში ვდგევარ და მატყუებენ. ფული სახლში მაქვს, თუ გინდა, მოგიტან.
მოგიტანო ყურებს არ დავუჯერე. მძღოლი თბილისელი აისორი იაშა ბადბუდოვი, დათქმულ დროს და ადგილზე შემხვდა და შეპირებული თანხა უკლებლივ გადმომცა. არ ვიცი, შეიძლება ვცდები, მაგრამ ასე მგონია ასეთი რამ მხოლოდ თბილისში შეიძლება მოხდეს! მანქანაში გაცნობილ უცხო კაცს სოლიდური თანხა ასესხო ყოველგვარი ქაღალდის და მოწმის გარეშე. ჩასესხების შემდეგ, რაღაც დროის გასვლისას გურამ პატარაიასთან ერთად ერთ-ერთი ტაქსოპარკის დირექტორთან, დავით კვარაცხელიასთან ვართ რა დროსაც ჭიშკარში მოულოდნელად იაშა შემოვიდა. ძმასავით გადავეხვიეთ ერთმანეთს, მოვიკითხეთ. ხალხი მოგროვდა და იაშას სიკეთეც ყველას ვაუწყე. ორი კვირის მერე საღამო ხანს ტელევიზიაში აფორიაქებულმა იაშა ბადბუდოვმა მომაკითხა. -რა მოხდა?-გაოცებით შევეკითხე. -ჩვენთან საერთო კრება მოიწვიეს…ყველამ მხარი დამიჭირა და ახალი მაშინა მომცეს, წავიდეთ დავასველოთ!
(ჟურნალისტი ელგუჯა კავკასიძე)