ამერიკის ხმის ინფორმაციით, შტატებს ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები აქვს შემუშავებული და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს. ამერიკის ხმის ცნობით ეს ინფორმაცია, ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის 2 პირმა და ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა კიდევ 2 წყარომ დაუდასტურა.
ამერიკის ხმის წყაროების ინფორმაციით, სანქციების პაკეტზე ამერიკის ხაზინის და სახელმწიფო დეპარტამენტები მუშაობენ.
როგორც წყარო ამბობს, აქვთ ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა “გადადგა ნაბიჯები, რათა განევითარებინა ურთიერთობები რუს ოლიგარქებთან, გადადგა ნაბიჯები, რათა რუსეთისთვის მიეცა უკეთესი წვდომა საქართველოს ბაზრისთვის. ფაქტობრივად, მან გარკვეული ქმედებები რუსეთის სადაზვერვო სამსახურის მითითებით გაატარა”.
ამერიკელი მაღალჩინოსანი ამერიკის ხმასთან საუაბრში ამბობს, რომ განკარგულებას “აქვს ფართო უფლებამოსილებები მასში მოხვდენ პირები, რომლებიც ახორციელებენ ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ღირებულებებს, ჩართულნი არიან საერთაშორისო კორუფციაში. არსებობს აქტივობების მთელი რიგი, რომელიც სანქციებს ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ ის რუსეთის ფედერაციისთვის სასარგებლოა”.
ადმინისტრაციასთან დაახლოებული კიდევ ერთი წყარო ამერიკის ხმას ეუბნება, რომ “აშშ-ს მთავრობას აქვს მომზადებული სანქციების პაკეტი და მზად არის მიიღოს ის. სიახლე ის არის, რომ ადრე ეს უბრალოდ განიხილებოდა, ხოლო ახლა არის პაკეტი, რომელიც მზად არის განსახორციელებლად”.
წყარო აღნიშნავს, რომ სანქციებს “მოჰყავს არგუმენტად მთელი რიგი საკითხები, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა და ასევე საერთაშორისო კორუფცია, რომელსაც სარგებელი მოაქვს რუსეთის ფედერაციისთვის”.
ამერიკის ხმა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სანქციების პაკეტი შესაძლოა ასევე მოიცავდეს ივანიშვილთან დაკავშირებულ პირებს, თუმცა ადმინისტრაციასთან დაახლოებული პირი თავს იკავებს დეტალების გამჟღავნებაზე.
ამერიკის ხმა ასევე წერს, რომ როდესაც შეერთებული შტატები აწესებს პირზე სანქციებს, 14024 აღმასრულებელი განკარგულების საფუძველზე, მისი ქონება და ინტერესები აშშ-ის იურისდიქციაში იყინება, ხოლო ამერიკულ კომპანიებსა და მოქალაქეებს ეკრძალებათ მასთან ფინანსური ან კომერციული ურთიერთობა. შედეგად, ხდება პირის იზოლაცია არა მხოლოდ ამერიკული, არამედ ხშირად გლობალური ფინანსური სისტემებიდან, რადგან საერთაშორისო ინსტიტუტები და კომპანიები ხშირად ემორჩილებიან სანქციებს მეორადი სანქციების თავიდან აცილების მიზნით. ამას გარდა, შესაძლებელია პირზე გავრცელდეს სავიზო შეზღუდვა და სანქციები გაართულებს გლობალურ ბიზნესსა და საბანკო მომსახურებაზე წვდომას. უცხოური კომპანიები, რომლებიც სანქცირებულ პირთან თანამშრომლობას აგრძელებენ, თავადაც სანქციების საფრთხის წინაშე დგებიან.