ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა

დაბა სტეფანწმინდაში მდებარე ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმს  პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შესაბამისი ბრძანებით ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“შენობა ორსართულიანია. ნაგებია მოვარდისფრო-მოყვითალო, საშუალო ზომის თლილი ქვით. პირველ სართულზე ექვსი ოთახია მეორეზე ოთხი. ფასადის ცენტრალურ ღერძზე შენობაში შესასვლელი კარია გაჭრილი,ხოლო მეორე სართულზე აივანზე გამოსასვლელი თაღოვანი კარია. სართულები ერთმანეთისაგან გამოყოფილია აივნის ჰორიზონტალური სარტყელის მიერ, რომელიც მთელს სიგრძეზე გასდევს შენობის ფასადს. ღია აივნის ქვეშ ათი სვეტია სადა ოთხკუთხა კაპიტელებით. სართულები შიგნით ერთმანეთს უკავშირდება ხის კიბით. გარედან ქვის კიბეა, რომლითაც მეორე სართულზე ავდივართ. პირველ სართულზე მოხვედრა შესაძლებელია ნახევარწრიული კიბით, რომელიც მიდგმულია დაახლოებით ერთ მეტრამდე შემაღლებულ ქვის ციკოლზე. შენობას თავდაპირველად ბანური გადახურვა ჰქონია, ამჟამად იგი თუნუქის, ორფერდა სახურავითაა გადახურული.

სახლ-მუზეუმის ეზოში ალექსანდრე ყაზბეგისა და მისი მშობლების საფლავებია. სახლის ეზოში XIX ს-ის 70-იან წლებში აღმოჩნდა ცნობილი “ყაზბეგის განძი”, რომელიც თარიღდება ძვ.წ. V-IV სს-ით”- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.