პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, პარალიმპიელების დაჯილდოებაზე ყველა დაპატიჟეს, მათ შორის პრემიერმინისტრი, თუმცა არც დასტური და არც უარყოფა არ მიუღიათ. ამის შესახებ ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ვლადიმერ ონოფრიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
13 სექტემბერს, 19:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს დააჯილდოებს. ონოფრიშვილის თქმით, სასახლის წინ შეკრებილი საზოგადოება დახვდება ოლიმპიელებს, მუსიკალური გაფორმებით. ასევე, ღონისძიების შემდეგ გაიმართება ლელა წურწუმიას და “ჩვენი ბენდის”. კონცერტი.
“ვფიქრობთ, მართლაც შედგება სახალხო ზეიმი-შეკრებილ საზოგადოებას ექნება საშუალება, შეხვდეს მათ კუმირ სპორტსმენებს, გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები და ყველამ ერთად მიულოცოს ჩვენს სპორტსმენებს გამარჯვება!
ჩვენ, ღონისძიებაზე დავპატიჟეთ ყველა, მათ შორის, პრემიერი, არც დასტური და არც უარყოფა არ მიგვიღია”, – განაცხადა ონოფრიშვილმა.
მთავრობამ პარალიმპიელებისთვის დახურული ღონისძიება დღეს ცალკე ჩაატარა. ღონისძიებაზე არ იმყოფებოდა პრეზიდენტი. გარდა ამისა, პარიზიდან დაბრუნებულ ოლიმპიელებისთვის მთავრობის ადმინისტრაციამ ცალკე ღონისძიება ჩაატარა, რომელზეც პრეზიდენტი არ მიიწვია.