აბასთუმანში ხანძრის ჩაქრობაში აზერბაიჯანული ვერტმფრენი ჩაერთო

ამ წუთებში აბასთუმანში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში აზერბაიჯანული ვერტმფრენი ჩაერთო რამდენიმე საათში, თურქეთიდან საქართველოში ორი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი ჩამოფრინდება. ორი სახანძრო-სამაშველო ვერტმფრენით საქართველოს ირანის ისლამური რესპუბლიკაც დაეხმარება. უკრაინიდან აბასთუმანში ხანძრის ჩასაქრობად უკრაინული სამაშველო თვითმფრინავიც გამოფრინდა.

მეზობელი ქვეყნებიდან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარებას დღის მეორე ნახევრიდან ველოდით. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი ჯანელიძემ რამდენიმე საათის წინ განაცხადა.

მთელი ღამის განმავლობაში აბასთუმანში გაჩენილ ხანძარს ცოცხალი ძალა აქრობდა. მობილიზებული იყო სპეციალური მძიმე ტექნიკა, რომლითაც ხანძრამდე მისასვლელი გზა უნდა გაიჭრას. შს მინისტრის დავალებით ადგილზე გვიან ღამით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რამდენიმე ასეული თანამშრომელი ჩავიდა.

აბასთუმანში ხანძრის ჩაქრობაში ირანული ვერტმფრენებიც ჩაერთვებიან

აბასთუმანში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უცხო ქვეყნების ჩართულობასთან დაკავშირებით, საგენგებო შტაბი განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში წერია, აზერბაიჯანის, უკრაინისა და თურქეთის გარდა, ქართულ მხარეს ირანული ვერტმფრენებიც დაეხმარებიან.

„აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ქართულ დანაყოფებთან ერთად, უკრაინის, აზერბაიჯანის, თურქეთის და ირანის ავიაცია ჩაერთვება.

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ, საქართველოში უკრაინული სამაშველო თვითმფრინავი გამოფრინდა, რომელიც ხანძრის ჩაქრობის პროცესში უახლოეს საათებში ჩაერთვება.

დახმარების მზადყოფნა გამოთქვა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენთან ერთად აბასთუმანში ცეცხლის ლოკალიზებაზე იმუშავებს აზერბაიჯანის ვერტმფრენიც, რომელიც უკვე გამოფრინდა საქართველოსკენ.

რამდენიმე საათში, თურქეთიდან საქართველოში ორი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი ჩამოფრინდება.

ორი სახანძრო-სამაშველო ვერტმფრენით საქართველოს ირანის ისლამური რესპუბლიკაც დაეხმარება.

ამ დროისთვის, აბასთუმანში მობილიზებულია შსს-სა და სხვა უწყებების შესაბამისი სამსახურები. ადგილზე 1000-მდე ადამიანი, ცოცხალი ძალა მუშაობს.
მთელი ღამე შეუჩერებელი მუშაობის შედეგად, ხანძრის გავრცელების მასშტაბები არ გაზრდილა. გაჭრილია, დაახლოებით, 5 კილომეტრამდე გზა, რათა სპეცტექნიკამ ხანძრის კერებამდე მისვლა მოახერხოს. გუშინვე მოეწყო ხელოვნური წყალსაცავები ავიაციის მიერ წყლის ასაღებად.
საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს“, – წერია შტაბის განცხადებაში.

 

პრემიერმინისტრმა უკრაინისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს მადლობა გადაუხადა

აბასთუმანში, ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში უკრაინული და აზერბაიჯანული ავიაცია ჩაერთვება, რისთვისაც საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკრაინისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს მადლობას უხდის.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ცეცხლის კერა აბასთუმანში არ არის ისეთი მასშტაბური, როგორიც იყო ბორჯომის ხეობაში და ხანძრის ლიკვიდაციისთვის მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები.
“გუშინ საღამოს დამირეკა პრეზიდენტმა პოროშენკომ და შემოგვთავაზა თვითმფრინავის გამოგზავნა. როგორც ვიცი,თვითმფრინავი გზაშია და სულ ახლო მომავალში შემოვა, რისთვისაც, რა თქმა უნდა, მინდა, მას დიდი მადლობა გადავუხადო. ჩვენ ასევე, სავარაუდოდ, დაგვეხმარება ვერტმფრენი აზერბაიჯანიდან. მინდა, ასევე მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის პრეზიდენტს არამარტო ამ დახმარებისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ ჩვენ წინა პერიოდშიც გამოვიყენეთ მათი ავიაცია. ვფიქრობთ, ასეთი მოვლენების დროს ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობა საგანგებო სიტუაციების კუთხით”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

თურქეთმა აბასთუმანში ხანძრის ჩასაქრობად ორი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი გამოყო

ხანძრის ჩაქრობაში ქართულ მხარეს თურქეთი ისევ დაეხმარება. ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა განაცხადა. ზექი ლევენთ გუმრუქჩუს თქმით, გუშინ საღამოს მხარეებს შორის კომუნიკაცია უკვე შედგა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ერთი თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი ჩაერთვება.

თურქეთი იყო ერთერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გასულ კვირას, ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობაში ეხმარებოდა ქართულ მხარეს. სამწუხაროდ გუშინ საღამოს შევიტყვეთ, რომ კიდევ ერთი დიდი ხანძარი გაჩნდა, ამჯერად აბასთუმანში და კვლავ რთულ რელიეფზე, ძლიერი ქარის გამო ცეცხლი სწრაფად ვრცელდება. გვიან საღამოს ჩვენ კვლავ დაგვიკავშირდა საქართველოს ხელისუფლება და დახმარება გვთხოვა. თურქეთის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და კვლავ გამოყო ერთი თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი. ისინი უკვე გზაში არიან და სავარაუდოდ შუადღეს ბათუმში იქნებიან“,-განაცხადა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ.

უკრაინა დასახმარებლად სახანძრო თვითმფრინავს აგზავნის

უკრაინა აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ქართული მხარის დასახმარებლად სახანძრო თვითმფრინავს აგზავნის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ოფიციალურ ვებგვერდზე წერია. აღნიშნულ საკითხზე უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერმინისტრს ტელეფონით ესაუბრა.

სახანძრო თვითმფრინავი АН-32П ოდესიდან ბათუმში დღეს გამოფრინდება.

აბასთუმანში ცეცხლს 500-მდე თანამშრომელი აქრობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, ადიგენის მუნიციპალიტეტში, აბასთუმნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს ებრძვიან.შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბის თათბირი დაბა აბასთუმანში ჩაატარა, რომელსაც შსს-ს შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. თათბირზე ხანძრის ლიკვიდაციის გეგმა განიხილეს. რთული რელიეფიდან გამომდინარე, ცეცხლის კერების დროული და ეფექტური ლოკალიზებისთვის, შტაბის სხდომაზე ტყის მასივში გზის გაჭრის სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. ცეცხლის ქრობის პროცესში  შსს-ს 500-მდე თანამშრომელი და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი  მონაწილეობს. ისინი სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გააგრძელებენ.

 

აბასთუმანში საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს

შტაბის სხდომა, ხანძრის ახალი კერის გაჩენაზე, ამ წუთებში მიმდინარეობს. სხდომას შს მინისტრთან და მაშველებთან ერთად ადგილობრივებიც ესწრებიან.ხანძრის ადგილზე უკვე ჩავიდა დამხმარე ძალა.

ფოტო: მარიამ ქართველიშვილი

 

აბასთუმანში ცეცხლი დაახლოებით 4 ჰექტარზე გავრცელდა

ხანძრის ლოკალიზება აბასთუმანში ამ დრომდე ვერ ხერხდება. ადგილზე კვლავ ასობით მეხანძრე-მაშველი და შესაბამისი ტექნიკა მუშაობს. კერებს ამუშავებდა ვერტმფრენიც, რომელმაც ამ დროისთვის მუშაობა უკვე შეწყვიტა. ცეცხლი სავარაუდოდ 4 ჰექტარზე გავრცელდა, თუმცა ზუსტი ინფორმაცია ჯერ უცნობია, რადგან ცეცხლის გავრცელების არეალში მყოფ პირებთან კომუნიკაცია გართულებულია.

აბასთუმნის ტყეში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

აბასთუმნის ტყეში ვხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. როგორც ჟურნალისტებს შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა, უახლოეს ხანში ადგილზე იქნება მძიმე ტექნიკა, დაიწყება გზის გაჭრაც, რათა სახანძრო მანქანებმა უშუალოდ ცეცხლის კერამდემისვლა მოახერხონ.

„გამოვიძახეთ მძიმე ტექნიკა, რომელიც უახლოეს საათებში ადგილზე იქნება და გზების გაჭრას დაიწყებს, რათა სახანძრო მანქანები ცეცხლის კერამდე მივიდეს. პროცესში ჩართულია ცოცხალი ძალა, მეხანძრე-მაშველები ადგილზე არიან, ასევე შემოგვიერთდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა. ავიაცია ჯერ კიდევ მუშაობს. ჩვენ დავიტანეთ რუკაზე კოორდინატები და ამ რუკის მიხედვით ვკარნახობთ ვერტმფრენს, თუ სად უნდა დაასხას წყალი, სად არის დაკვამლიანება და ღია კერები“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე შეუძლებელია, კონკრეტულად ითქვას, თუ რა ფართზეა ხანძარი გავრცელებული.

„ერთი შემიძლია, ვთქვა, რომ სრული კოორდინაციაა. ვიმედოვნებ, რომ შედეგები მალე იქნება“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

მოხალისეების ინფორმაციით, აბასთუმანში ცეცხლი 5 ჰექტრამდე ფართობზეა გავრცელებული

აბასთუმანში ხანძარი ქარიანი ამინდის გამო სწრაფად ვრცელდება. ცეცხლი წიწვოვან ტყეს უკიდია, ადგილი მიუდგომელია, რის გამოც ვერ ხერხდება ცეცხლის კერებამდე სპეციალური ტექნიკის მიყვანა. მოხალისეების ინფორმაციით, რომლებიც ხანძრის ადგილას მუშაობენ,  ცეცხლი ამ დროისთვის 5 ჰექტრამდე ფართობზეა გავრცელებული. აღნიშნულთან დაკავშირებით მოკლე კომენტარი გააკეთა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა, აკაკი მაჭუტაძის განცხადებით, ძალები მობილიზებულია და ყველაფერი იქნება ნორმალურად.

აბასთუმანში შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავიდა

აბასთუმნის ტყეში ხანძარია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა და სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია ვერტმფრენიც.

სააგენტოში ჯერჯერობით ვერ ასახელებენ თუ ტყის რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.

">