ოპოზიციურმა პარტიებმა ჯონ ბასთან ხელისუფლების დაშინების პოლიტიკაზე ისაუბრეს

  • 04 აპრილი 2012, 19:14
  • 401

"ქართული ოცნების" შემადგენლობაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტის - "ეროვნული ფორუმის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის კახი დვალიშვილის განცხადებით, მათ აქტივისტებთან მიმართებაში ფარული სატელეფონო დარეკვები და მუქარები ხორციელდება. " მათ ეუბნებიან, რომ თუ კი არ ჩამოცილდებიან პარტიას, პრობლემები შეექმნებათ," - ამბობს დვალიშვილი. ხელისუფლების მიერ წარმოებულ დაშინების პოლიტიკაზე სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც გაამახვილეს ყურადღება. "ჩვენ ვართ ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც კონტროლის პალატის წნეხი პირდაპირ იწვნია. ჩვენი პარტიიდან 22 ადამიანი იყო კონტროლის პალატის მსხვერპლი," - აღნიშნა „რესპუბლიკური პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნატო ქათამაძემ.

ელჩთან შეხვედრისას "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის რეგიონალურმა ხელმძვანელმა გოგი წულაიამ ადგილობრივი ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, საარჩევნოდ ხელისუფლება განკარგავს საბიუჯეტო სახსრებს. "გზების დაგებას, ქუჩების მოწესრიგებას და სხვა პროექტებს ახორციელებენ წინასაარჩევნო პერიოდში. ეს უკვე გაყალბებაა," - ამბობს გოგი წულაია.

ოპოზიციური სპექტრის მხრიდან გამოკვეთილ პრობლემებთან დაკავშირებით ჯონ ბასმა განმარტა, რომ მსგავსი კრიტიკა შეერთებულ შტატებშიც ესმის. "ის, რომ გზების დაგება ემთხვევა წინასაარჩევნო პერიოდს, ამას ჩვენ ვეძახით მოქმედი მთავრობის უპირატესობას, რომლითაც ის სარგებლობს. რაც დღეს მოვისმინე, ყველაზე დიდ შეშფოთებას შეიძლება იწვევდეს მინიშნებები შიშზე, რომელიც დაკავშირებულია ადამიანების მიერ პოლიტიკური აზრის გამოთქმასთან, პირად უსაფრთხოებასთან, სამსახურის შესაძლო დაკარგვასთან და ა.შ. მიმაჩნია, რომ ეს არის მთავრობის ვალდებულება აქტიურად უპასუხოს ასეთ კითხვებს," -განაცხადა ჯონ ბასმა.

შეხვედრაზე მყოფმა ქალაქის მერმა გიორგი თევდორაძემ ოპონენტების მიერ მმართველი გუნდის მისამართით წამოყენებულ პრალდებებს უპასუხა და აღნიშნა, რომ უმრავლესობას არჩევნების გაყალბება არ სჭირდება. "თუკი არჩევნების გაყალბება ჰქვია დაგებულ გზებს და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას, მაშინ ჩვენ ნამდვილად ვაყალბებთ არჩევნებს," - განაცხადა ქუთაისის მერმა და იქვე დასძინა, რომ დემოკრატიული არჩევნების ჩატარება მმართველი გუნდის ინტერესებში შედის.

ტეგები

სხვა სიახლეები