სასაზღვრო პოლიცია დაკავებულ რუსულ გემს დააჯარიმებს

  • 20 მარტი 2012, 18:11
  • 1668

შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის მიერ გუშინ, სარფში დაკავებულ რუსულ გემს სავარაუდოდ, ადმინისტრაციული კოდექსით დააჯარიმებენ. ამის შესახებ news.ge-ს სასაზღვრო პოლიციის პრეს-სამსახურში განუცხადეს. მათივე თქმით, ჯარიმის ოდენობა არ ჯერ კონკრეტდება. გემი კი ამჟამად ბათუმის პორტშია დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მესაზღვრეებმა რუსული გემი “PUR-NAVOLOK”-ი გუშინ, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დააკავეს. გემის ეკიპაჟი 10 რუსი მოქალაქისგან შედგება.

დღეს კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომლითაც რუსული გემის დაკავება გააპროტესტა. ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ „Pur-Navolok“-ი თეთრი ზღვის სატვირთო კომპანიის კუთვნილი გემია. ტვირთმზიდი უკრაინიდან, ქერჩის პორტიდან თურქეთში ხოფაში უნდა შესულიყო. ქართველმა მესაზღვრეებმა კი ტვირთმზიდი მაშინ აიყვანეს, როცა ეკიპაჟი  პორტში შესვლის ნებართვას ელოდებოდა.

გემის დაკავების მიზეზს სასაზღვრო პოლიცია ამ დრომდე არ ახმაურებს.

სხვა სიახლეები