ლორთქიფანიძე: გეგუთის ციხე ცხოველების ფერმა არ არის

  • 12 თებერვალი 14:49
  • 351

უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ გეგუთის ციხეში ამ ტიპის დაწესებულებისთვის განკუთვნილი რეჟიმი დარღვეულია. ამის შესახებ ლორთქიფანიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ჩვენთვის, უფლებადამცველებისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი ნახევრად ღია დაწესებულებისთვის განკუთვნილი რეჟიმის პირობები. პირობები გულისხმობს არანაკლებ 8 საათის განმავლობაში მსჯავრდებული პირების სუფთა ჰაერზე ყოფნას. ღამის პერიოდს კი ისინი საერთო საცხოვრებელში ატარებენ. ამის შესახებ რეკომენდაცია ჯერ კიდევ 2008-2009 წლებში ისეთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, როგორიც არის „ციხის საერთაშორისო რეფორმა" ღიად გაავრცელა. სხვათაშორის სოზარ სუბარი, როდესაც ის სახალხო დამცველი იყო, ძალიან ხშირად ეყრდნობოდა ანგარიშებში „ციხის საერთაშორისო რეფორმას“.

დღეის მდგომარეობით, გეგუთის N14 დაწესებულებაში პატიმრები გამოჰყავთ ჰაერზე 11:00 საათზე, იკეტება 14:00 საათზე. 14:00 საათიდან 16:00 საათამდე ჩაკეტილი ჰყავთ. 16:00 - დან 18:00 საათამდე უღებენ საკნის კარებს. ხოლო საღამოს 18:00 საათიდან მომდევნო დილის 11:00 საათამდე კვლავ ჩაკეტილი ჰყავთ“,-აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

მისივე თქმით, კონკრეტული მსჯავრდებულების მიმართ თუკი რეჟიმის გამკაცრება იყო აუცილებელი, მაშინ უნდა დასჯილიყო პირთა კონკრეტული ჯგუფი და არა მთელი დაწესებულება.

„ბუნებრივია, გეგუთის N14 სასჯელაღსრულების დაწესებულება არ არის ცხოველების ფერმა, ეს არის საპყრობილე, დაწესებულება, რომელშიც სასჯელს იხდიან ადამიანები და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული მოპყრობა არის ის ნორმა, რომელსაც უნდა იცავდეს სასჯელაღსრულების სამინისტრო", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

სხვა სიახლეები