ხუდონჰესი მოსახლეობასთან ახსნა-განმარტებების შემდეგ მაინც აშენდება

  • 16 იანვარი 2014, 12:42
  • 1017

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხუდონჰესთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ შეკითხვები, ამ საკითხთან დაკავშირებით, არცერთ მხარეს არ უნდა დარჩეს. 

"მე ვიყავი ჩასული მესტიაში, სადაც შევხვდი ადგილობრივ მოსახლეობას და ვთქვი, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ, სახელმწიფომ უნდა შევასრულოთ ისეთი როლი, რომ არცერთი მხარე დაზარალებული არ დარჩეს. არც ინვესტორი, რომელიც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასი, და ასევე ძალიან ძვირფასია ჩვენთვის ჩვენი ბუნება, მოსახლეობა და მოქალაქეები. 

ჩვენ უნდა გამოვნახოთ ისეთი მექანიზმები, რომ არცერთ მხარეს არ დარჩეს რაიმე შეკითხვა. ჩემი ინფორმაციით, არსებობს მთელი რიგი კითხვები, ამაზე მუშაობს ინვესტორი კომპანია, რომ ეს კითხვები მოიხსნას, გაკეთდეს განმარტებები და შემდეგ გადაწყდება ეს საკითხი.

ჩვენი მიზანია ის, რომ სვანეთის არცერთ მოქალაქეს არ დარჩეს რაიმე კითხვა, რაიმე ეჭვი ამ პროექტთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას მოვახერხებთ. რომ ინვესტორი კომპანია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს პროცესი და მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს. უნდა აუხსნას, განუმატოს მოსახლეობას, თუ რას ითვალისწინებს ხუდონჰესის მშენებლობის პროექტის მშენებლობა.

თავისმხრივ, მთავრობა და ენერგეტიკის სამინისტრო ასევე დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის მოსახლეობას ამ პროექტის მნიშვნელობის თაობაზე, მისი პერსპექტივების თაობაზე, თუ რა სარგებელი შეიძლება ამ პროექტმა ჩვენს ქვეყანას მოუტანოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამის შემდეგ მოსახლეობას კითხვები აღარ დარჩება," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სხვა სიახლეები