მთავრობამ კრიზისების მართვის საბჭო შექმნა

  • 19 დეკემბერი 2013, 19:17
  • 484

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო შეიქმნა. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, საბჭოს ხელმძღვანელად 35 წლის მინდია ჯანელიძე ინიშნება.

მათივე ინფორმაციით, მინდია ჯანელიძეს დამთავრებული აქვს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია, კონტრმზვერავი/იურისტი-სამართალმცოდნეს სპეციალობით, დამატებითი სპეციალური განათლება მიღებული აქვს დასავლეთის ქვეყნებში.

საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში კარიერა დაიწყო ოპერატიული თანამშრომლის პოზიციიდან, მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე, იყო ოპერატიული სამსახურის სამმართველოს უფროსი, 2012 წლიდან კი ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.

მინდია ჯანელიძე, სამხედრო წოდებით, ვიცე-პოლკოვნიკია, მიღებული აქვს ღირსების ორდენი და ასევე უწყებრივი ჯილდო - მედალი “მაღალი პროფესიონალიზმისთვის”.  ფლობს ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებს.  ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

„პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ საქართველო მმართველობის ახალ, საპარლამენტო სისტემაზე გადავიდა, რომლის შედეგადაც პარლამენტი მთავრობის მეშვეობით ახორციელებს ხელისუფლებას. შესაბამისად პოლიტიკის განსაზღვრის ვალდებულება დაეკისრა პრემიერ-მინისტრსა და მის კაბინეტს, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილების საფუძველზე, მთავრობის მიერ ახალი კონსტიტუციის ფარგლებში დაკისრებული უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების ეფექტური და ოპერატიული განხორციელებისთვის შეიქმნა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო.

საბჭო წარმოდგენს საქართველოს პრემიერმინისტრის სათათბირო ორგანოს და უშუალოდ ექვემდებარება მას. საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს საქართველოს პრემიერმინისტრი.

საბჭოს საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიტიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საბჭოს სამდივნო, რომელიც საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულია. საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელობს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი.

საბჭოს მდივანი ანგარიშვალდებულია პრემიერმინისტრის წინაშე, იგი სამსახურებრივად ექვემდებარება საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსს“,-ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს პრემიერმინისტრი, საბჭოს წევრები არიან: – უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

„დღემდე საქართველოში ანალოგიური სტრუქტურა არ არსებობდა. უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შექმნა ეფუძნება საქართველოს პარტნიორი ქვეყნების: აშშ, ბრიტანეთი და ისრაელი გამოცდილებას. იგი შექმნილია ეროვნულ უშიშროებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის, სტაბილურობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის სტრატეგიულ საკითხებზე; აგრეთვე ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში და ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების მართვის მიზნით უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად.

საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომაზე ხმის უფლებით შეიძლება მოწვეული იქნენ: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი“,-ნათქვმაია განცხადებაში.

საბჭოს სამდივნოს შემადგენლობაშია კრიზისული სიტუაციების მართვის ოპერატიული ცენტრი, რომელიც კრიზისული სიტუაციების დროს (ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფა, შიდა პოლიტიკური დესტაბილიზაციის მცდელობა, სტიქიური კატაკლიზმები და სხვა სახის კრიზისი) პრემიერმინისტრის პირდაპირ დაქვემდებარებაში გადადის.

სხვა სიახლეები