საქართველოში იაპონიის საელჩოს მიერ ორგანიზებული ფესტივალი - "იაპონიის გაზაფხული" გრძელდება.
11 მარტს, საღამოს 8 საათზე, კონსერვატორიის დიდი დარბაზში იაპონელი მუსიკოსი, - კენ აისო (ვიოლინო) კონცერტს გამართავს.
პროგრამაშია: შუმანის სავიოლინო სონატა N1 ა მინორ, მიაგი: გაზაფხულის ზღვა, მ.დავითაშვილი – პოემა, ა.ხაჩატურიანი – ანდანტე სავიოლინო კონცერტიდან, ტაკემიტსუ – ჰიკა, სტრავინსკი – რუსული ცეკვა ბალეტიდან “პეტრუშკა”, სარასატე – ბოშური მელოდიები.
კონცერტი ეძღვნება 2011 წლის 11 მარტს იაპონიაში მომხდარი მიწისძრით დაზარალებულებს. ორგანიზატორები არიან „JTI Group of Companies“ და კლასიკური მუსიკის განვითარებისა და დაცვის ცენტრი.
იაპონელ მევიოლინეს, კენ აისოს მრავალმხრივი კარიერა აქვს როგორც სოლისტს, კამერული ანსამბლის მუსიკოსს, პედაგოგსა და განმანათლებელს. როგორც სოლისტი და კამერული ანსამბლების წევრი, იგი გამოდიოდა ევროპაში, აშშ-სა და იაპონიაში ისეთ საკონცერტო დარბაზებში, როგორებიცაა - „ვიგმორი“, დედოფალ ელისაბედის დარბაზი ლონდონში, „კონვერტგებაუ“ -ამსტერდამში და „სანტორი“ - ტოკიოში.
მონაწილეობას იღებდა მუსიკოსების საერთაშორისო სემინარში „Prussia Cove“. ასევე ოლდებურგის, ჩელტენჰემის, სალისბერის, მენუჰინის და სანგატის მუსიკის ფესტივალებში. 2003 წელს მას პატივი ერგო დაეკრა იაპონიის იმპერატორისა და მისი მეუღლის წინაშე. ასევე 2004 წელს ჩამოაყალიბა კვარტეტი აისო, რომელიც დიდი წარმატებით სარგებლობდა. ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას მუსიკის სამეფო აკადემიაში. აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება ახალგაზრდებთან და ამის გამო მას ხშირად იწვევენ სამუსიკო სკოლებში სემინარების ჩასატარებლად.
სხვა სიახლეები

