ინტერვიუ იერუსალიმის პატრიარქთან

  • 09 მარტი 2012, 13:42
  • 1512

იერუსალიმის ჯვრის მონასტრის „დაბრუნების“ შესახებ საკითხის წამოწევით საქართველოს ხელისუფლება ინსტრუმენტად იქცა მესამე ძალების ხელში, რომელსაც უნდა კონფლიქტის პროვოცირება საქართველოს, ისრაელსა და ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის. ამის შესახებ პორტალ IzRus-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში იერუსალიმის პატრიარქმა, თეოფილე III-მ განაცხადა, რომელიც ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის იერუსალიმის საპატრიარქოს ხელმძღვანელობს. ინტერვიუ პატრიარქის იერუსალიმის რეზიდენციაში შედგა 7 მარტს.

News.ge გთავაზობთ ინტერვიუს თარგმანს სრულად.

თქვენო უწმინდესობავ, როდის გაიგეთ ქართული ოფიციალური პირების განცხადებების შესახებ მონასტის თაობაზე?

პრაქტიკულად პრეზიდენტ სააკაშვილის გორში გამოსვლის შემდეგვე. ჩვენ საქართველოს ეკლესიასთან მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს. ისინი ჩვენი ძმები არიან რწმენაში, ერთმანეთთან გვაკავშირებს ისტორიის ასწლეულები. კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ისრაელში იმყოფებოდა ჩვენი მოწვევით ამ წლის თებერვალში. ასე რომ ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება ყველა ამ განცხადებაზე. აი აქ მაქვს საქაღალდე (გვიჩვენებს წითელი ფერის საქაღალდეს) ქართველი მოღვაწეების გამოსვლების თარგმანებით. წარმოდგენა არ მაქვს რა მოლაპარაკებებზე საუბრობენ სააკაშვილი, კალანდაძე და რურუა.

ჩვენ რამდენჯერმე მივმართეთ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ამ უწყების ცენტრალური აპარატის პრეს-სამსახურს და მინისტრის პრეს-სამსახურს. იქაც არავინ არაფერი იცის. მაგრამ გვარწმუნებენ, რომ არ დაიწყებენ მოლაპარაკებებს სხვისი საკუთრების შესახებ.

ჩვენც იგივე გავაკეთეთ - რამდენჯერმე მივმართეთ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს და სხვა ინსტანციებს, თუმცა მათი პასუხი წინასწარ ვიცოდით. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს ისრაელის ხელისუფლებასთან. ისინი არასდროს არ ახდენდნენ ჩვენზე არანაირ ზეწოლას, მით უმეტეს მიწის საკუთრების საკითხებში. იერუსალიმში საპატრიარქოს ძალიან ბევრი მიწა ხელისუფლების ქირავნობაშია, მათ შორის ის ტერიტორია, რომელზეცაა ქნესეთი. არასდროს გვქონია არანაირი კონფლიქტი ამის თაობაზე. ცხადია, არასდროს ხელისუფლებას არ უცდია განეხილა ვინმესთან ჩვენი მიწების გადაცემის საკითხი. ჩვენ ეს დაგვიდასტურეს საგარეო საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთხელ. იქაც გაკვირვებულები იყვნენ ქართული მხარის განცხადებებით.

თებერვალში ისრაელში იყვნენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე. თქვენ შეხვდით მათ?

კი და ვვარაუდობ რა თქვენს შემდეგ კითხვას, გეტყვით, რომ ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით ერთი სიტყვაც არ თქმულა. კათოლიკოს-პატრიარქი აქ ჩვენი მოწვევით ჩამოვიდა. ჩვენ დიდხანს ვსაუბრობდით სხვადახხვა საკითხზე, მაგრამ მონასტერი არავის უხსენებია. გრიგოლ ვაშაძეც ისევე მიიღო საპატრიარქომ, როგორც ქართველი ხალხის წარმომადგენელი, რომლებისადმი ჩვენი პატივისცემა უსაზღვროა. ჩვენ მოვინახულეთ წმინდა ადგილები და ვსაუბრობდით სხვადასხვა თემაზე. მაგრამ ჯვრის მონასტერზე არც ერთი სიტყვა აქაც არ თქმულა. ვაშაძეს საქართველოს კონსული, არჩილ კეკელიაც ახლდა, რომელმაც რამდენიმე დღის შემდეგ პირადად გადაუხადა მადლობა საპატრიარქოს მიღებისთვის. და როგორც ხვდებით, არც მას უხსენებია არანაირი „მოლაპარაკებები“ მონასტრის თაობაზე.

დიახ, ჩვენც ვთხოვეთ არჩილ კეკელიას კომენტარის გაკეთება, მაგრამ უარი თქვა. როგორ შეიძლება აიხსნას ოფიციალური თბილისის ეს უცნაური მოქმედება?

ყველა ერს აქვს მიდრეკილება თავისი წარსულისკენ, ფესვებისკენ. სააკაშვილის გამოსვლამდე რამდენიმე ხნით ადრე ჩვენ მოგვმართეს ქართველი ბიზნესმენების შუამავლებმა ჯვრის მონასტრის ყიდვის წინადადებით, მაგრამ ეს შეუძლებელია. არ გამიგოთ არასწორად, ქართული ეკლესიის როლი რეგიონში და იერუსალიმში ძალიან დიდია. ქართველების მიერ დაარსებული ჯვრის მონასტერი განათლების ცენტრი იყო. ქართული ეკლესიის აქაური წარმომადგენლები იკავებდნენ ძალიან კონსტრუქციულ პოზიციას სხვადასხვა ქრისტიანულ კონფესიებს შორის დავებში და ყოველთვის ცდილობდნენ მიეღწიათ კონსესუსისთვის. ცხადია, ეს ადგილი, რომელიც უკავშირდება დიდ პოეტ შოთა რუსთაველს, არ შეიძლება არ იყოს ძვირფასი ქართველი ხალხისთვის. ბერძნულმა საპატრიარქომ ეს მონასტერი 300 წლის წინ მიიღო. ჩვენ შევეცადეთ შეგვენახა ამ ადგილის სული. იქ არის უძველესი წიგნების და მანუსკრიპტების დიდი ბიბლიოთეკა, მუშაობს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაარსებული ცნობილი სემინარია, რომელმაც აღზარდა მართლმადიდებლურ მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტები. ამ სემინარის სახელი ეწოდა ბოსტონის სასულიერო სკოლას. ცხადია, საქართველოს ხელისუფლებას აქვს მონასტრის დაბრუნების სურვილი, როგორც წმინდა მიწაზე თავისი 16 საუკუნის წინანდელი ყოფნის სიმბოლო.

მაგრამ არ გეჩვენებათ რომ ეს მონასტრის „დაბრუნების“ საკამაოდ უნაური მეთოდია? გაურკვეველია, ვისთან მიდის მოლაპარაკებები. უცნაური განცხადებები, რომლებსაც არავინ ადასტურებს. თქვენ როგორ ახსნით ამას?

საქმე იმაშია, რომ ჩემდა სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება, ისე რომ თვითონაც ვერ ხვდება ამას, მესამე ძალების ხელში ინსტრუმენტად იქცა... მე დიდი დილემის წინაშე აღმოვჩნდი, რადგან არ მაქვს უფლება ჩავერთო ამ თემაზე განმარტებებში, რომ ხელი არ შევუწყო იმათ, ვისაც უნდა კონფლიქტის გაღვივება. კონფლიქტის საპატრიარქოს, საქართველოსა და ისრაელს შორის. ეს არ არის ამ ძალების პირველი მცდელობა, ეს პერიოდულად ხდება და ასეთ გაურკვეველ მიზეზებზეა დაფუძნებული. მე არ ვიტყვი ვისზეა საუბარი, არ გვაქვს არავისთან კონფლიქტის სურვილი. მაგრამ ეს ძალები დაინტერესებული არიან არა მონასტრის დაბრუნებით ან საქართველოს დახმარებით. ისინი ირჩევენ მხარეების მტკივნეულ წერტილებს და მათზე ზემოქმედებით ცდილობენ დაარღვიონ არსებული სიმშვიდე და ბალანსი წმინდა ქალაქში. მე ხაზს ვუსვამ, რომ მაქსიმალურად ვცდილობ არანაირი სკანდალი არ მოხდეს და ჩვენი ეკლესიის ურთიერთობა ქართველ ხალხთან არ შეილახოს. სამწუხაროდ, მეტის თქმა არ შემიძლია.

თქვენო უწმინდესობავ, გეგმავთ საქართველოში ჩასვლას?

დიახ, მე მივიღე მიწვევა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისგან. იმედი მაქვს, მალე მოვახერხებ ამის განხორციელებას. მაგრამ ჯერ არ შემიძლია ზუსტად თქმა როდის მოხდება ეს.

სხვა სიახლეები