დაბალშემოსავლიანი პირებისთვის, დაუბეგრავი მინიმუმის წესი ამოქმედდება

  • 03 ოქტომბერი 2013, 12:36
  • 2515

მომავალი წლიდან, დაუბეგრავი მინიმუმის უკან დაბრუნების პროცედურა ამოქმედდება. ამის შესახებ, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრის წინ განაცხადა. დაუბეგრავი მინიმუმის უკან დაბრუნება შეეხება შედარებით დაბალი შემოსავლის მქონე პირებს.

კერძოდ, მათ რომელთა ხელფასის სახით მიღებული წლიური დასაბეგრი შემოსავალი არ აღემატება 6 ათას ლარს.

"ბიზნესასოციაციას ვაცნობთ ახალ ინიციატივებს და საგადასახადო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს. ასევე, მომავალი წლიდან, ჩვენ ვიწყებთ საგადასახადო შემოსავლის უკან დაბრუნების ინიციატივის განხორციელებას. საქმე ეხება, დაუბეგრავი მინიმუმის თემას", - განაცხადა ხადურმა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, მონაცემების დეკლარაციების საფუძველზე, შეიქმნება იმ პირთა სია, რომლებიც ისარგებლებენ აღნიშნული შეღავათით. დაქირავებული პირი, შემოსავლების სამსახურში დეკლარაციის წარდგენის შემდეგ, დაიბრუნებს დაუბეგრავი მინიმუმის ოდენობის ხელფასის გაცემისას დაკავებულ საშემოსავლო გადასახადს, რომლის მაქსიმალური ოდენობა 360 ლარი იქნება.

სხვა სიახლეები