განათლების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორების სერთიფიცირებას იწყებს

  • 24 ივლისი 2013, 13:27
  • 701

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორების სერთიფიცირებას იწყებს. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, სერთიფიცირება საჯარო სკოლების დირექტორების შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპია, რომლის ფარგლებშიც დირექტორები გაივლიან ტესტირებას. ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, მათ მიენიჭებათ უფლება დააყენონ კანდიდატურა სკოლის დირექტორად.

მინისტრის თქმით, სერთიფიცირებისთვის რეგისტრაცია დაიწყება 25 ივლისს და 7 აგვისტომდე გაგრძელდება. ხოლო, უშუალოდ ტესტირება 21-22 აგვისტოს ჩატარდება.

სანიკიძის თქმით, სამინისტროს მიზანია, რომ ტესტირება ჩატარდეს გამჭვირვალედ, კვალიფიციურად და მიუკერძოებლად. ასევე, ყველა მონაწილე უნდა იყოს თანაბარ და კომფორტულ პირობებში. მათ მიეცემათ სათანადო დრო, რომ მოემზადონ გამოცდებისთვის.

მინისტრის თქმით, სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსდება ტესტირების სტრუქტურა და საკითხების სრული ჩამონათვალი. ამის გარდა საიტზე განთავსდება ტესტების მოდელები, რომლებსაც მომავალი დირექტორები სავარჯიშოდ გამოიყენებენ.

სერთიფიცირების შემდეგ დაიწყება უშუალოდ კონკურსი, რომლის საშუალებითაც სამინისტრო კანდიდატებს მიავლენს სკოლებში, რათა სამეურვეო საბჭოს მეშვეობით მოხდეს სერთიფიცირებული დირექტორის არჩევა. 

სხვა სიახლეები