საყოველთაო ჯანდაცვის პროექტის ფარგლებში დღეს უკვე 18 მშობიარობა დაფინანსდა

  • 01 ივლისი 2013, 12:00
  • 792

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ეტაპის ფარგლებში, რომელიც ღამის 12:00 საათიდან ამოქმედდა, დილის მდგომარეობით, 18 მშობიარობა დაფინანსდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა გაფართოვდა და მას გეგმიური მომსახურების დაფინანსებაც დაემატა. პროექტს სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს.

გეგმიური დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში მოქალაქეებმა პირადობის მოწმობასთან ერთად, მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრში ფორმა ასი, კალკულაცია და ანგარიშფაქტურა უნდა წარადგინონ იმ კლინიკადან, საიდანაც მომსახურების მიღებას აპირებენ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის ცენტრი ყველა რეგიონის დიდ ქალაქშია გახსნილი. თბილისში კი მისი ოფისი "ექსპო ჯორჯიას" საგამოფენო ცენტრის მეექვსე პავილიონში განთავსდა.

საყოველთაო ჯანდაცვის მეორე ეტაპი გადაუდებელი შემთხვევების დაფინანსების სპექტრის გაფართოებასაც გულისხმობს. პროგრამა, ასევე ამბულატორიაში ოჯახის ექიმის მომსახურების, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების დაფინანსებას ითვალისწინებს.

პროგრამის მეორე ეტაპზე დაფინანსდება გეგმიური ოპერაციები 15 ათასლარიანი წლიური ლიმიტით, ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა 12 ათასლარიანი წლიური ლიმიტით, ორსულთა პატრონაჟი და მშობიარობა. ახალი პროგრამით, ის პირები ისარგებლებენ, რომლებსაც 1 ივლისის მდგომარეობით კერძო სადაზღვევო პაკეტი არ გააჩნიათ. პროგრამით მოსარგებლეებს შეუძლიათ, თავად აირჩიონ სასურველი კლინიკა.

პროგრამის მოსარგებლეები არიან 1 ივლისის მდგომარეობით ჯანმრთელობის დაზღვევის არ მქონე მოქალაქეები. თუ დაზღვეულ მოქალაქეს 1 ივლისის შემდეგ ამა თუ იმ მიზეზით შეუწყდა სადაზღვევო კონტრაქტი, ამ შემთხვევაში იგი ჩ აერთვება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და მას შეეძლება მიიღოს ოჯახის ან უბნის ექიმის, ექთნის მომსახურება. დაუფინანსდება სისხლის საერთო და შარდის ანალიზები, ასევე გადაუდებელი ამბულატორიული  და სტაციონარული მომსახურება.

სხვა სიახლეები