ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე ოთხმა აბიტურიენტმა დააგვიანა

  • 27 ივნისი 2013, 21:26
  • 328

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2013 წლის ეროვნული გამოცდების პირველმა საგამოცდო დღემ წარმატებით ჩაიარა.

ეროვნული ცენტრის განცხადებით, 12 ქალაქის 18-ივე საგამოცდო ცენტრში გამოცდებმა მშვიდ გარემოში, ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიარა.  გამოცდაზე არ გამოცხადდა დარეგისტრირებულ აბიტურიენტთა მხოლოდ 2%. გამოცხადდა სულ 19388 აბიტურიენტი, ოთხმა აბიტურიენტმა კი დააგვიანა.

28 ივნისს აბიტურიენტთა მეორე ნაკადი კვლავ ორ სესიად ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას ჩააბარებს.

"ყველა საგამოცდო ცენტრში გახსნილია სამედიცინო პუნქტი, რომელიც აღჭურვილია პირველადი დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტებით, ნებისმეირი სახის ინციდენტის თავიდან ასაცილებლად კი ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე იმორიგევებს სასწრაფო დახმარების მანქანა, სამაშველო სამსახური. წესრიგს კი კრიმინალური პოლიცია უზრუნველყოფს",- აღნიშნულია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები 27 ივნისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. წელს გამოცდების ჩასაბარებლად კი 42 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა, მათ შორის 180-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

შეგახსენებთ, რომ 1-2 ივლისს ზოგადი უნარების გამოცდა ჩატარდება; 3, 4, 5 და 8 ივლისს აბიტურიენტები უცხოურ ენებში გაივლიან ტესტირებას; 9-17 ივლისს გამოცდები არჩევით საგნებში ჩატარდება.

სხვა სიახლეები