იტალიის ვიზის აღება გაძვირდა

  • 22 მაისი 2013, 17:49
  • 1393

საქართველოში იტალიის ელჩმა ფედერიკა ფავიმ ვიზების მოთხოვნის შეცვლილი პროცედურის პრეზენტაცია გამართა. იტალიაში წასვლის მსურველებს კერძო კომპანია მოემსახურება.

კომპანია „ვიზა მენეჯმენტ სერვისი“ აპლიკაციების მიღებას ცალკე გახსნილ ოფისში უზრუნველყოფს, რაც ელჩის განცხადებით, ვიზის მიღების პროცედურას გაამარტივებს და შემცირდება რიგები. მოთხოვნის აპლიკაციის შეტანა ერთ თვეში იქნება შესაძლებელი, ხოლო გადაწყვეტლებას ვიზის გაცემის შესახებ ისევ იტალიის საელჩო მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ვიზის მოსაკრებელი რჩება იგივე, შენგენის ვიზა 35 ევრო ღირს, ხოლო ეროვნული ვიზა 116 ევრო. ამას დაემატება კერძო კომპანიის მომსახურების გადასახადი 63 ლარი. კომპანია ემსახურება იტალიაში წასვლის მსურველებს რუსეთსა და უკრაინაში. სადაც მომსახურება 18 ევრო ღირს. კომპანიის ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადებით ამ ქვეყნებში იტალიის ვიზების მოთხოვნა უფრო დიდია და ამიტომაა გადასახადი იაფი.

იტალიაში წასვლის მსურველებს მხოლოდ ამ კომპანიის მომსახურებით შეუძლიათ ისარგებლონ. ფედერიკა ფავის განცხადებით, თუ მოქალაქეს კომპანიის მომსახურების გადასახდელად 63 ლარი არ აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ეკონომიკური მდგომარეობა სტაბილური არაა.

კერძო კომპანია ვიზების გაცემაზე საქართველოს მოქალაქეებს 29 აპრილიდან ემსახურება.

სხვა სიახლეები