საპატრულო პოლიცია "ბაიკერების" განცხადებას პასუხობს

  • 12 მაისი 2013, 11:53
  • 750

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოტომფლობელების დაჯარიმებებთან დაკავშირებით განცხადებებს პასუხობს.

შსს-ს ცნობით, 28 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით თბილისის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა საგზაო უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის მოტომფლობელებს სხვადასხვა სახის ჯარიმები გამოუწერეს. მძღოლების შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ 85 მათგანს არ ჰქონდა მართვის მოწმობა, 12-ს შესაბამისი კატეგორიის მართვის უფლება, 5 მათგანი მოძრაობდა ნასვამ მდგომარეობაში, ასევე ადგილი ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას.

"მძღოლების შემოწმებისას ასევე დადგინდა , რომ 27 მათგანი მოძრაობდა სახელმწიფო სანომრე ნიშნების განთავსების წესების დარღვევით, რაც „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონით დასჯადია და ითვალისწინებს ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას, ხოლო 13-ს სანომრე ნიშანი შეცვლილი ჰქონდა. მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების მასიურმა დარღვევამ გამოიწვია ავარიული სიტუაციების შექმნა, საგზაო მოძრაობის შეფერხება და ქალაქის მაცხოვრებლების უკმაყოფილება, რის შესახებაც მათ საჩივრებით საპატრულო პოლიციას მიმართეს,"-აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

მათივე განცხადებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ გამოვლენილი იქნა აღნიშნული სამართალდარღვევები და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული სახდელები საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისად.

სხვა სიახლეები